აგვისტოს ომში მონაწილებისთვის, ნაწამები და მოკლული არჩილ ტეტუნაშვილის მკვლელები დღემდე დაუსჯელები არიან – ის დღეს 41 წლის გახდებოდა

არჩილ ტატუნაშვილი, რომელიც რუსული საოკუპაციო რეჟიმის სისასტიკემ იმსხვერპლა, დღეს 41 წლის გახდებოდა, საქართველოს პროკურატურამ არჩილ ტატუნაშვილისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და მის ჯგუფურად წამებაში დახმარებისთვის ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო სამართალდამცავი ორგანოების ორ თანამშრომელს. დაუსწრებლად ბრალდებულები არიან ოკუპირებული ახალგორის ე.წ. პროკურორის მოვალეობის შემსრულებელი დავით გურწიევი და ე.წ. უშიშროების კომიტეტის ახალგორის განყოფილების უფროსი ალიკ ტაბოევი. მათ ბრალად ედებათ არჩილ ტატუნაშვილთან ერთად კიდევ ორი მოქალაქისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაც.

2018 წლის 20 თებერვალს, მას შემდეგ, რაც მან დატოვა ზემოხსენებული ტერიტორია, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებისთვის ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2008 წლის აგვისტოში, რის გამოც გადაწყვიტეს მისი დასჯა და წამება“.
პროკურატურისავე ცნობით, 2018 წლის 22 თებერვალს საქართველოს მოქალაქეები არჩილ ტატუნაშვილი, იოსებ პავლიაშვილი და ლევან ქუტაშვილი საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებული ტერიტორიიდან შევიდნენ ოკუპირებული ახალგორის ტერიტორიაზე, სადაც არჩილ ტატუნაშვილის კუთვნილი ავტომანქანით შეიტანეს ხილ-ბოსტნეული. ეს „ცნობილი გახდა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებისთვის და გადაწყვიტეს, რომ არჩილ ტატუნაშვილისთვის უკანონოდ აღეკვეთათ თავისუფლება, მიეყვანათ მათთვის ხელსაყრელ ადგილზე და ეწამებინათ“, – ეს ინფრმაცია მომხდარის შემდეგ პროკურატურამ გაავცელა:

„მიზნის მისაღწევად, ახალგორის რაიონის სოფელ მოსაბრუნთან არჩილ ტატუნაშვილს, იოსებ პავლიაშვილს და ლევან ქუტაშვილს ოკუპირებული ახალგორის ე.წ. პროკურორის თანაშემწემ დავით გურწიევმა, ოკუპირებული ახალგორის „КГБ“-ს განყოფილების უფროსმა ალიკ ტაბოევმა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს სხვა თანამშრომლებმა ჯგუფურად უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და ჯერ არჩილ ტატუნაშვილი, ხოლო მოგვიანებით იოსებ პავლიაშვილი და ლევან ქუტაშვილი გადაიყვანეს ახალგორის რაიონის ე.წ. უშიშროების სამსახურის შენობაში, სადაც არჩილ ტატუნაშვილს დაადეს ხელბორკილი და წამების მიზნით გადასცეს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს შეიარაღებულ თანამშრომლებს, რომლებმაც ის წაიყვანეს ცხინვალში“.

“ცხინვალის ე.წ. პროკურატურის შენობაში ოკუპირებული რეგიონის ე.წ. სამართალდამცველებმა 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილეობისთვის არჩილ ტატუნაშვილი აწამეს, რა დროსაც სხეულზე მიაყენეს სხვადასხვა სახის 100-ზე მეტი დაზიანება. მოგვიანებით არჩილ ტატუნაშვილი გარდაიცვალა“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. არჩილ ტატუნაშვილის მამა, გივი ტატუნაშვილი, გამოძიების მიმდინარეობით ჯერჯერობით კმაყოფილია, თუმცა, მისი განცხადებით, დასადგენია ცხინვალში არჩილის წამებაში მონაწილე პირთა ვინაობა.

დღეს, სოფელ წილკანში, ტატუნაშვილის სახელობის სკვერში არსებული მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

წილკნის დევნილთა დასახლებაში არჩილ ტატუნაშვილის სახელობის მემორიალი მისი ოჯახის ინიციატივითა და თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით დეკემბერში გაიხსნა.

მიუხედავად დაპირებებისა, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელები დაუსჯელები არიან.

მსგავსი თემები