გვინდა მივმართოთ აშშ-ის საელჩოს, რომ სანქციები, რომელიც მოსამართლეებს დაუწესდათ, მოეხსნათ – მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობა აშშ-ს საელჩოს მიმართავს, მოსამართლეებს სანქციები მოეხსნათ.

შესაბამისი განცხადება „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძე უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

როგორც მდინარაძემ განაცხადა, ქართულ მხარეს ამ დრომდე არ მიუღია მტკიცებულება, რომელიც მოსამართლეების დასანქცირების რელევანტურობას დაადასტურებდა.

„საპარლამენტო უმრავლესობის სახელით გვინდა მივმართოთ ჩვენი პარტნიორი და მეგობარი ქვეყნის ადგილობრივ წარმომადგენლობას, საელჩოს, ქალბატონ ელჩს და ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ მისი ელჩობის დროს ეს საკითხი ობიექტურად გადაწყდება, რომ დაიწყოს საუბარი და სანქციები, რომელიც აშშ-ს მხრიდან მოსამართლეებს დაუწესდათ, მოეხსნათ. ამ დრომდე არ გვინახავს მტკიცებულება, რომელიც ამ სანქციების რელევანტურობასაც კი დაადასტურებდა, არა თუ სანქცირების რაიმე პირობას და რეალურ საფუძველს.

ამავე დროს, მიგვაჩნია, რომ საქართველოში რამდენიმე მოსამართლე ყოველგვარი საფუძვლის გარეშე არის დასანქიცრებული, ეს ახალისებს სასამართლოს წინააღმდეგ იმ მდაბიო კამპანიას, რომელსაც „ენჯეო“ სექტორის რიგით წარმომადგენლები და „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სხვადასხვა განშტოებები მიმართავენ“, – განაცხადა მდინარაძემ.

მსგავსი თემები