რომის პაპი თვლის, რომ უკრაინას “თეთრი დროშის გამბედაობის” გამოჩენა მართებს რუსეთთან მოლაპარაკების დასაწყებად

რომის პაპი შვეიცარიის მაუწყებელ RSI-თან ინტერვიუში უკრაინისა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკების აუცილებლობაზე საუბრობს. ინტერვიუ, რომლიც სრული ვერსიაც 20 მარტს გავა ეთერში, ჩაწერილია 2024 წლის თებერვალში. ჩანაწერის ფრაგმენტებში, რაც საჯარო გახდა, რომის პაპი უკრაინის კონტექსტში პირველად ხმარობს ტერმინებს “თეთრი დროშა” და “დამარცხება”, იმის მიუხედავად რომ მას უკრაინისა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკების აუცილებლობაზე ადრეც გაუკეთებია განცხადება. “თეთრი დროშა” ამ ინტევიუში პირველად ინტერვიუერისგან ისმის პაპისთვის დასმულ კითხვაში.

პაპ ფრანცისკეს ინტერვიუერი ეკითხება, თუ სად დგას ის დებატებში, იმ ხალხის მხარეს, ვინც თვლის, რომ უკრაინა უნდა დანებდეს, რადგან ვერ ახერხებს სათანადო წინააღმდეგობის გაწევას რუსეთისთვის თუ მიეკუთვნება ჯგუფს, რომლებიც ფიქრობენ რომ ეს პოზიცია ლეგიტიმაციას უწევს რუსეთის აგრესიას უკრაინაში.

“მე ვფიქრობ, რომ ყველაზე ძლიერი ის არის, ვინც უყურებს სიტუაციას, ფიქრობს ხალხზე, აქვს თეთრი დროშის გამბედაობა და აწარმოებს მოლაპარაკებებს. როცა ხედავ, რომ დამარცხებული ხარ, რომ საქმეები კარგად არ მიდის, უნდა გქონდეს გამბედაობა მოლაპარაკებისთვის”, – განაცხადა რომის პაპმა და დასძინა, რომ მოლაპარაკებები უნდა მოხდეს საერთაშორისო ძალების დახმარებით. მან ერთ-ერთ მომლაპარაკებელ ქვეყნად, რომელიც შესაძლოა ჩართული იყოს ამ პროცესში, თურქეთი დაასახელა.

პაპის ინტერვიუს ფრაგმენტის გამოქვეყნებისას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სწორედ თურქეთში, პრეზიდენტ რეჯებ ტაიპ ერდოანთან მართავდა შეხვედრებს. ამ შეხვედრის დასასრულს თურქეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ მისი ქვეყანა მზად არის მიიღოს კიევსა და მოსკოვს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები და, რომ ის „მტკიცედ შეუწყობს ხელს ომის შემდგომ უკრაინის აღმშენებლობის მცდელობებს“.

მსგავსი თემები