ამნისტიის შესახებ კანონპროექტის მიმართ არსებობს პატიმრების იმედი და მოლოდინი – იაგო ხვიჩია

„ხალხი ელოდება ამნისტიას და ეს იმედი გააჩინა პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ, რომ საქართველოში პატიმართა რაოდენობა მისაღებს ორჯერ აღემატება. ცხადია, რომ ეს ადამიანებში მოლოდინს გამოიწვევდა“, – განაცხადა პოლიტიკური ჯგუფის „გირჩის“ თავმჯდომარემ იაგო ხვიჩიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მისი თქმით, გუშინ, ბიურომ 2 თვით გადადო პოლიტიკური ჯგუფის ინიციატივა ამნისტიასთან დაკავშირებით, რომლის თანაავტორია და ხელს აწერს საპარლამენტო ოპოზიციის თითქმის ყველა წარმომადგენელი.

„იმ პირობებში, რომ თავს ვიწონებთ გასულ წელს მიღებული 600 კანონპროექტით, ვერ ვხვდები, რა გახდა ამ მნიშვნელოვანი კანონპროექტის განხილვა, რომელზეც ოპოზიციის კონსენსუსი არსებობს და კიდევ ორი თვით გადაიდო. მინდა, საზოგადოებამ მოახდინოს თქვენზე ზეწოლა ამ საკითხის განსახილველად, რადგან არ მსურს ეს კანონპროექტიც დაემსგავსოს იმ კანონპროექტებს, რომლებიც პარლამენტში შემოდის ოპოზიციის მხრიდან და „ ქართული ოცნება“ არასდროს იხილავს. მინდა, ეს კანონპროექტი გამონაკლისი იყოს. ამნისტიის შესახებ კანონპროექტის მიმართ არსებობს პატიმრების იმედი და მოლოდინი“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მსგავსი თემები