,,ამერიკაში შენთვის არავის სცალია, ყველას თავისი საქმე აქვს” – მერაბ დვალიშვილმა ამერიკაში მშენებლობაზე მუშაობის პერიოდი გაიხსენა

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა ამერიკაში მშენებლობაზე მუშაობის პერიოდი გაიხსენა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში სალი ირემაძე ავრცელებს.

,,ამერიკაში შენთვის არავის სცალია, ყველას თავისი საქმე აქვს – აქაურ გადასახადებს რომ გაუმკლავდეს, ნორმალურად რომ იცხოვროს, ყველამ უნდა იმუშაოს. მე კი, რადგან აქ სპორტში არავინ მიცნობდა, ბრძოლებში თანხასაც არ მიხდიდნენ. პროფესიონალებში რომ გადავსულიყავი, სახელის მოსახვეჭად ყველაფერი ნულიდან დავიწყე. მშენებლობაზე მივედი სამუშაოდ, რადგან სახლების დასანგრევად ფიზიკურად ძლიერი, გამძლე და ამტანი ბიჭები სჭირდებოდათ.

პირველი ზამთარი ძალიან ძნელი შესაჩვევი იყო – ფიზიკურად მძიმე მუშაობა, დანგრევა და მერე ამ ნაგვის კონტეინერში ჩაყრა, თან, ყოველდღე, კვირის გარდა, გარეთ, ყინვაში მიწევდა მუშაობა 8 და 10 საათი – დილის 7-დან, დაახლოებით, 5 საათამდე. მერე ნახევარი საათი ცხელი შხაპის ქვეშ ვდგებოდი, რომ გავმთბარიყავი და მხოლოდ ამის შემდეგ მივდიოდი ვარჯიშზე.

სახლების მშენებლობა რომ დავიწყე, ძირითადად სულ სახურავზე მიწევდა ასვლა. ეს ამერიკული და კანადური სახლები თავიდან ხისკონსტრუქციებით შენდება და ყველა დეტალი ხელით. სიმაღლეებზე და სახიფათო მომენტებზე მე მიშვებდნენ, რადგან წონით პატარა და მოხერხებული ვარ, თან არ მეშინოდა და მეც მიყვარდა რისკი და ექტრემი. კატასავით დავცოცავდი და ბევრჯერ გადავრჩენილვარ, მაგრამ ახლა, რომ ვუფიქრდები, ერთადერთი ამას ვნანობ ჩემს ემიგრაციულ ცხოვრებაში, რომ ძალიან ვრისკავდი და საფრთხეში ვიგდებდი თავს, მაგრამ სხვა გზაც არ იყო, მაშინ ასე იყო საჭირო. ერთხელ, ხის ხარაჩო ჩაინგრა, ჩამოვვარდი და უკანა დუნდულა კუნთით დავეცი. ერთი კვირა ვერ ვდგებოდი საწოლიდან. მაშინ მივხვდი, რომ აქ მარტო ვიყავი და შეცდომის დაშვების და ცუდად ყოფნის უფლება არ მქონდა.

ნელ-ნელა თითქმის ყველა ხელობა ვისწავლე და ფიზიკურად ისე აღარ ვიღლებოდი. თან, უკვე შენობაში ვმუშაობდი და აღარ ვიყინებოდი. ამიტომ სპორტულად მოვუმატე შედეგს. თავიდან არარეალური, შორი და წარმოსადგენადაც კი თითქმის შეუძლებელი იყო, თუ როდისმე მოვხვდებოდი „უეფსის“ ორგანიზაციაში, სადაც მხოლოდ ამ სპორტის ვარსკვლავები არიან. მართალია, 6 წელი დამჭირდა, მაგრამ მაინც შევძელი აქ მოხვედრა და ახლა ყველაფერი მარტივია – მხოლოდ სპორტით დავკავდები”.

მსგავსი თემები