გვაქვს რესურსი, სიღარიბე სრულად აღმოვფხვრათ და მაღალშემოსავლიან ქვეყნად ვიქცეთ – ირაკლი კობახიძე

,,გვაქვს ყველანაირი რესურსი, 2030 წლისთვის მოწინავე ევროპულ ქვეყნებთან ჩამორჩენა მინიმუმამდე შევამციროთ, სიღარიბე სრულად აღმოვფხვრათ და მაღალშემოსავლიან ქვეყნად ვიქცეთ,”- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ამისათვის  მთავარი, ეფექტიან ეკონომიკურ პოლიტიკასთან ერთად, ქვეყანაში მშვიდობისა და მშვიდი გარემოს შენარჩუნებაა.

„საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, გერმანიასა და შვედეთში ხალხი დღეს საქართველოზე 3-ჯერ უკეთესად, ხოლო საფრანგეთში – დაახლოებით 2,5-ჯერ უკეთესად ცხოვრობს. საქართველოზე 60 პროცენტით უკეთესად ცხოვრობენ რუსეთში, ხოლო 50 პროცენტით უკეთესად – ბულგარეთში. საქართველოს ჩამორჩება ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნები – ჩრდილოეთ მაკედონია, ბოსნია, ალბანეთი, მოლდოვა და უკრაინა, აგრეთვე აზერბაიჯანი და სომხეთი.

აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და მოწინავე ქვეყნებს შორის, ცხოვრების დონის თვალსაზრისით, სხვაობა თანდათანობით მცირდება.

მაგალითად, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, 2012 წელს გერმანიასა და შვედეთში ხალხი საქართველოზე არა 3-ჯერ, არამედ 4,5-ჯერ უკეთესად, საფრანგეთში არა 2,5-ჯერ, არამედ 4-ჯერ უკეთესად, ხოლო რუსეთსა და ბულგარეთში – არა 58 და 51 პროცენტით, არამედ 148 და 67 პროცენტით უკეთესად ცხოვრობდა.

გარდა ამისა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, 2012 წელთან შედარებით, 2023 წელს საქართველომ ეკონომიკური მაჩვენებლებით მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანას გადაასწრო და 110-ე ადგილიდან 79-ე ადგილზე გადაინაცვლა,”-  წერს კობახიძე.

მისი თქმით, ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკა არა მხოლოდ აბსოლუტურ ჭრილში, არამედ სხვა ქვეყნებთან შეფარდებითაც იზრდება.

,,საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, 2028 წლისთვის კიდევ უფრო შემცირდება საქართველოში და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოსახლეობის ცხოვრების დონეებს შორის სხვაობა. 2028 წელს საქართველოს PPP მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 32 ათას დოლარს გადააჭარბებს და ჩამორჩენა ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობასთან (მათ შორის იტალიასთან, ესპანეთთან, პორტუგალიასთან, საბერძნეთთან) ორმაგზე ნაკლები გახდება. კერძოდ, იტალიასთან ჩვენი ჩამორჩენა 99%, ესპანეთთან – 86%, პორტუგალიასთან – 72%, ხოლო საბერძნეთთან – 48% იქნება,”- წერს კობახიძე.

მსგავსი თემები