ჯანდაცვის სამინისტრო რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლების კომპესაციას გადაუხდის

ჯანდაცვის სამინისტრო, დაახლოებით, 650 თანამშრომლის კომპენსაციას გეგმავს. ამის შესახებ განცხადება მედიასთან რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა თეა თავართქილაძემ გააკეთა. მისი თქმით, კომპენსაცია შეეხება, როგორც კლინიკურ ნაწილს, ასევე, ადმინისტრაციული ნაწილის თანამშრომლებს.

„მას შემდეგ, რაც მთავრობის განკარგულება რესპუბლიკური საავადმყოფოს დემონტაჟის შესახებ მოხდა, ილია ღუდუშაური და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები იყვნენ მოსულები. შეხვედრას  კლინიკის თანმაშრომლების უმეტესობა ესწრებოდა, სადაც მთავრობის განკარგულება გაგვაცნეს.

სამინისტროს წარმომადგენლებმა მოიტანეს კომპენსაციის პაკეტი, რითაც სამინისტრო გეგმავს დაახლოებით 650 თანამშრომლის კომპენსაციას“,-ამბობს დირექტორის მოვალეობის შემსურლებელი.

მისივე თქმით,  კომპენსაცია შეეხება როგორც კლინიკურ ნაწილს, ასევე, ადმინისტრაციული ნაწილის თანამშრომლებს.

„აქ საუბარია 4-12 თვემდე ხელფასის ტოლ კომპენსაციაზე, ასევე, საუბარია დასაქმებაში დახმარებაზე იმ პოზიციებიდან გამომდინარე, რაც უკვე უკავიათ ჩვენს თანამშრომლებს. სახელმწიფო მათ იგივე პოზიციების მოძებნაში დაეხმარება“, – განაცხადა თავართქილაძემ.

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, იმის გამო, რომ კლინიკის შენობა ავარიულ მდგომარეობაშია, ის ეთახმება საქართველოს და თბილისს ჰქონდეს ახალი და უკეთესი სახელმწიფო კლინიკა.

“ეს გადაწყვეტილება ჩემთვისაც სიახლე იყო. შენობა, კლინიკის ფასადი  ავარიულ მდგომარეობაშია. ლენტებით არის გადაკეტილი შენობის გარე პერიმეტრის ნაწილი. რამდენიმე კვირის წინ, ცუდი მეტეოროლოგიური პირობების გამო ფასადის დაზიანება მოხდა. საქართველოს და თბილისს რომ უნდა ჰქონდეს ახალი და უკეთესი სახელმწიფო კლინიკა, ამაზე ყველა ვთანხმდებით“, – განაცხადა მან.

ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვაზე, შეხვედრაზე იყო თუ არა საუბარი შენობის რამე ნაწილის შენარჩუნებაზე, თავართქილაძემ თქვაა, რომ ამისთვის მიმდებარედ განთავსებული სხვა კორპუსების ექსპერტიზის დასკვნაა საჭირო. ამის შემდეგ კი გადაწყვეტილების მიღება მოხდება.

“მაღლივი კორპუსის წინ აშენებულია მცირე ზომის კორპუსი, სადაც ადმინისტრაციული ნაწილი, რეანიმაცია და თერაპიული სამსახურია განთავსებული, შესაძლებელია, თუმცა, ამაზეც ექსპერტიზის დასკვნაა საჭირო, იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად უსაფრთხოა“, – განაცხადა    მან.

მსგავსი თემები