სპორტს ყველაზე მეტად სჭირდება დისციპლინა და თავისუფლება, ჩიტმა ამბავი მომიტანა, რომ, შეიძლება, ამ კუთხით ცოტა ვკოჭლობდეთ, მაგრამ არა უშავს – პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს ორბელიანების სასახლეში ახალგაზრდა სპორტსმენებს უმასპინძლა, რომლებიც ხელმოწერების კამპანიას – „ჩვენი ხმა ევროპას“ შეუერთდნენ.  პრეზიდენტმა სპორტსმენებს მიმართა და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

,,სპორტი ის სფეროა, რომელსაც ყველაზე მეტად სჭირდება ორი რამ: ერთია დისციპლინა და ეს დისციპლინა რომ არ გქონდეთ, არ იქნებოდით წარმატებულნი, და მეორე – თავისუფლება. ჩიტმა ამბავი მომიტანა, რომ, შეიძლება, ამ კუთხით ცოტა ვკოჭლობდეთ, მაგრამ არა უშავს. თავისუფლება არის ის, რაც ყოველდღიურად მოიპოვება, რაც ყველაზე მეტად ჩვენზეა დამოკიდებული. საზოგადოება, ამ შემთხვევაში, ყოველდღიურად აშენებს თავის მომავალს და საკუთარ თავისუფლებას, ამიტომ მე მინდა, რომ გისურვოთ ყველას მეტი ევროპა, მეტი თავისუფლება და მეტი წარმატება!

ვიცი, რომ თქვენს ხმას ევროპას გააგონებთ, რადგან თქვენი წარმატებით უკვე ესმით ჩვენი ხმა, მაგრამ საჭიროა, ჩვენ ეს კიდევ უფრო ხმამაღლა ვთქვათ, რათა ყველამ გაიგოს და ეს საქართველოდან მიტანილი საერთო ხმა იყოს, და მე ვიცი, რომ ამ დღეებში ძალიან ბევრ ადგილას ბევრი სხვადასხვა ინიციატივაა, რომელიც ერთად გროვდება, ესეც საზოგადოების ნიშანია, როცა ცალ-ცალკე და ერთად ჩვენ ერთ გზავნილს ვუგზავნით ევროპას. ამ მიზნით, 9 დეკემბერს ჩატარდება არასამთავრობო ორგანიზაციების მარში, რომელსაც ვუერთდებით, ისევე როგორც სხვები გვიერთდებიან ჩვენ იმისთვის, რომ ეს საქართველოს ევროპულობის ერთობლივი განაცხადი იყოს, როცა ჩვენ რამდენიმე დღეში  ევროპისგან ძალიან გადამწყვეტ გზავნილს ველოდებით. გაუმარჯოს ჩვენს ევროპულ მომავალს!“ – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მსგავსი თემები