,,ლევან ხაბეიშვილი ძალიან ბევრს მუშაობს, გვყავს ახალი ვარსკვლავები”- მიხეილ სააკაშვილი

ლევან ხაბეიშვილი ძალიან ბევრს მუშაობს, გვყავს ახალი ვარსკვლავები, მაგრამ ძალიან გვჭირდება უკვე გამოცდილი მებრძოლების, გიგი უგულავასა და სხვა ადრე გასული ადამიანების რეინტეგრაცია, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ახლა უნდა იყოს უფრო გახსნილი და უფრო მეტი შიდა დემოკრატიით, ვიდრე ოდესმე.

„ჩვენ საზოგადოებას წინ აქვს დიდი გამოწვევები, ნებისმიერი დაყოფა გვაკარგვინებს საერთაშორისო მხარდაჭერას, ვინაიდან ევროპულ და ამერიკულ გულშემატკივრებში ყალიბდება აზრი, რომ ქართულ ოპოზიციას არ შესწევს ერთიანობის უნარი და ასეთი სუსტი ოპოზიციის ხმამაღალი მხარდაჭერა აზრსმოკლებულია. რაც მთავარია, ეს პირადი წვრილმანი ამბიციები და კინკლაობა იწვევს გულგრილობას ჩვენ ხალხში. ივანიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლა ბევრჯერ სცადა, ზოგჯერ ეს ხდებოდა მისი ჩარევის გარეშეც, ცნობილი სახეების ამბიციების გამო. ამან ჩვენი საერთო საქმე ძალიან დააზარალა. 2018 წელს რომ არ ყოფილიყო ბაქრაძის ცალკე კანდიდატურა, ოპოზიცია საპრეზიდენტო არჩევნებს პირველივე ტურში დიდი უპირატესობით მოიგებდა და ისტორია სულ სხვაგვარად წარიმართებოდა. „ნაციონალური მოძრაობა“ ახლა უნდა იყოს უფრო გახსნილი და უფრო მეტი შიდა დემოკრატიით, ვიდრე ოდესმე. ლევან ხაბეიშვილი ძალიან ბევრს მუშაობს და ავლენს უშიშრობას, ჩვენ გვყავს ახალი ვარსკვლავები, მაგალითად, სოფო ჯაფარიძე, ირაკლი ფავლენიშვილი, ალექსანდრე კრევო-ასათიანი, მაგრამ ძალიან გვჭირდება უკვე გამოცდილი მებრძოლების, კობა ნაყოფიას, გიორგი კირთაძის და ეკა ხერხეულიძის წინ წამოწევა. ისევე, როგორც გიგი უგულავასა და სხვა ადრე გასული ადამიანების რეინტეგრაცია. ჩვენ მიდგომებს იმაზე ვერ ავაგებთ, ვინმესგან როდის, რა გვეწყინა. მთავარია, ადამიანი ქვეყნის ერთგული იყოს და ბრძოლაში გამოიჩინოს თავი“, – განაცხადა სააკაშვილმა „ფორმულასთან“ ინტერვიუში.

მსგავსი თემები