კანონპროექტით, ცხოველის წამება, მისდამი სასტიკი მოპყრობა პატიმრობით დაისჯება

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, მეორე მოსმენისთვის, დაჩქარებული წესით განიხილა სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილება, რომლითაც მკაცრდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა  ცხოველის წამების ან მისდამი სასტიკი მოპყრობის გამო.

კანონპროექტით, ცხოველის წამება, მისდამი სასტიკი მოპყრობა ან/და სხვაგვარი ძალადობა, რამაც მისი დასახიჩრება გამოიწვია, − ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომითი ვადით 120-იდან 240 სთ-მდე, შინაპატიმრობის ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით – ორ წლამდე.

ცხოველის წამება, მისდამი სასტიკი მოპყრობა ანდა სხვაგვარი ძალადობა, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია, ისჯება ჯარიმით, შინაპატიმრობით ვადით – ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით – ვადით ერთიდან სამ წლამდე.

პროექტის თანახმად, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა აგრეთვე მკაცრდება ისეთი ქმედების ჩადენისთვის, როგორიცაა სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება. კერძოდ, აღნიშნული ქმედება ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომითი ვადით 100-დან 180 საათამდე ან გამოსასწორებელი სამუშაოთი ვადით – ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით –  ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით -ერთიდან ხუთ წლამდე.

გარდა ამისა, სისხლის სამართლის კოდექსში გამოყენებული ტერმინი „მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღი“ იცვლება ტერმინით „მოკლე ცეცხლსასროლი იარაღი“.

მსგავსი თემები