აშშ-ს სურს გაყინული რუსული აქტივები უკრაინის აღსადგენად გამოიყენოს

აშშ განიხილავს შესაძლებლობას გამოიყენოს რუსეთის ფედერაციის გაყინული აქტივები უკრაინაში განადგურებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ პოლიტიკურ საკითხებში ვიქტორია ნულანდმა განაცხადა.

აშშ მოკავშირეებთან ერთად განიხილავს რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინული 300 მილიარდი დოლარის მოზიდვის შესაძლებლობას.

“სხვა საკითხებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ რუსეთმა გადაიხადოს იმის საფასური, რაც გაანადგურა”, – აღნიშნა ნულანდმა.

ნულანდმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ს კონგრესის მხარდაჭერით, აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტს აქვს ახალი უფლებამოსილება გამოიყენოს რუსი ოლიგარქებისგან ჩამორთმეული უკანონო აქტივები უკრაინის აღდგენის მიზნით.

“თებერვალში ჩვენ გამოვაცხადეთ პირველი ტრანში 5,4 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით ამ უფლებამოსილების ფარგლებში და მოგვიანებით უფრო მეტი განცხადებები იქნება ამის თაობაზე”, – განაცხადა მან.

მისივე თქმით, “განხილვები გრძელდება რუსეთის ცენტრალური ბანკის დაახლოებით 300 მილიარდი დოლარის აქტივების შესახებ, რომლებიც გაყინულია ჩვენი და ჩვენი მოკავშირეების მიერ”.

მსგავსი თემები