,,გიული ალასანიას მიერ გაკეთებულ განცხადებას სერიოზულობა აკლია”- გია ვოლსკი

,,გიული ალასანიას მიერ გაკეთებულ განცხადებას სერიოზულობა აკლია”, – ასე პასუხობს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ალასანიას, რომლის თქმით, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ადამიანები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილს კოლექტიურად კლავენ, სამაგალითოდ დაისაჯონ.

ვოლსკის თქმით, გიული ალასანიას შეიძლება გავუგოთ როგორც დედასა და ოჯახის წევრს, მაგრამ მიმართულება, რაც მან აარჩია, პატიმრის საუკეთესო ინტერესებში არ შედის.

„მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრების, თანაპარტიელებისა და თანამოაზრეების მობილიზაცია ერთი იდეის გარშემო ხდება – როგორმე სააკაშვილი იყოს ცუდად და მისი ცუდად ყოფნა გამოიყენონ იმისთვის, რომ საზოგადოება დაირაზმოს და აქციები ჩაატარონ. აქციებს აუცილებლად რევოლუციური პროცესების განვითარება და ხელისუფლების შეცვლა უნდა მოჰყვეს. ხოლო იმ პიარ კამპანიას, რასაც უკრაინა აწარმოებს, მაკფოლის განცხადება და კონკრეტული ქმედებები დაემატა. ეს მთლიანად ერთი სცენარია. რაც შეეხება მუქარას, რაც ჩვენ გავიგონეთ, ეს ჩვეულებრივი ამბავია. უბრალოდ განსხვავება ის არის, რომ დღეს ხელთ არა აქვთ მექანიზმები იმისა, რომ მუქარა აასრულონ. გამომდინარე აქედან, მხოლოდ განცხადებების იმედად რჩებიან. 2024 წელს არჩევნები ჩატარდება და საზოგადოება გამოხატავს საკუთარ პოზიციას თუ რამდენად მართალია გიული ალასანია თუ ნებისმიერი სხვა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მსგავსი თემები