ბიძინა ივანიშვილი დღეიდან დეპუტატებს შეხვდება

მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დღეიდან, დეპუტატებთან შეხვედრებს გამართავს. 

​როგორც “მედიაცენტრ მთავარს” მმართველი პარტიის პრესსამსახურში განუცხადეს, ბიძინა ივანიშვილმა მსგავს ფორმატში პირველი შეხვედრა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატთა ჯგუფთან 22 თებერვალს გამართა.

„ვინაიდან უმრავლესობის ფორმატში საკითხების დეტალური განხილვა ვერ ხერხდება, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება და დაიგეგმა თავმჯდომარის შეხვედრები დეპუტატთა მცირე ჯგუფებთან. შეხვედრების მიზანია, ინდივიდუალურად ყველას მიეცეს შესაძლებლობა, გამოხატოს და განიხილოს საკუთარი მოსაზრებები სხვადასხვა საკითხებზე“, – აცხადებენ „ქართულ ოცნებაში“.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ გურამ მაჭარაშვილის თქმით, პარტიის თავმჯდომარესთან სხვადასხვა ფორმატის შეხვედრები ამ დრომდეც იმართებოდა და ეს ბუნებრივი პროცესია.

„არამხოლოდ ახლა, აქამდეც ჰქონდა პარტიის თავმჯდომარეს ჩვენთან შეხვედრები სხვადასხვა ფორმატში, მათ შორის რეგიონის ჭრილში. ახლა იქნება კიდევ შეხვედრები. გეტყვით იმასაც, რომ ეს არის ჩვეულებრივი, მიმდინარე, ბუნებრივი და აუცილებელი პროცესი, რომელიც გაგრძელდება, ახლაც და მომავალშიც, რათა ჩვენ, როგორც მმართველმა ძალამ, შევძლოთ და ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რაც არსებობს დღევანდელ საქართველოში“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მსგავსი თემები