,,არ გვაქვს არც ძლიერი ინსტიტუტები, არც ინსტიტუტების პატივისცემა და არც ის პრინციპები, რაც არის მართლმსაჯულება“- სალომე ზურაბიშვილი

,,12 რეკომენდაციაში მართლმსაჯულება და მისი რეფორმის ბოლომდე მიყვანა არის მთავარი, რადგან ეს არის საშუალება, გზა, რომ ჩვენ საბოლოდ გამოვიდეთ საბჭოთა სისტემიდან, სხვა გზა არ არსებობს,”– ამის შესახებ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, შეიძლება, სხვა ქვეყნებშიც არის პოლარიზაცია, მაგრამ ისინი არიან დემოკრატიულ სამყაროში, აქვთ ძლიერი ინსტიტუტები.

„ასევე, მართლმსაჯულებაზე, მის რეფორმაზე შეთანხმება არის საშუალება, რომ შევასრულოთ ის, რაც არ ვიცით, როგორ უნდა შესრულდეს, ანუ დეპოლარიზაცია. არა მხოლოდ ჩვენ არ ვიცით, არავინ იცის. გზამკვლევსა და მოთხოვნებშიც არ წერია კონკრეტულად, რა და როგორ უნდა გაკეთდეს. ნათელია, რომ უნდა შევძლოთ ერთმანეთთან შეთანხმება, თუ როგორ უნდა წავიდეს წინ მართლმსაჯულების რეფორმა. ამ კონსენსუსის მიღწევაა მთავარი დეპოლარიზაციის ნიშანი, რის გარეშეც ყველაფერი ფუჭი იქნება, რადგან მაშინ ჩვენ ვერაფერზე შევთანხმდებით. ეს შეთანხმება ნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში, შეიძლება, პირველად პარტიები და ხელისუფლება შეძლებენ, საქართველოს ინტერესები პარტიულ ინტერესებზე მაღლა დააყენონ. სამწუხაროდ, ახლო ისტორიაში ძალიან ხშირად ეს ვერ შევძელით. ეს არის ის, რაც გვაფიქრებს არა იმიტომ, რომ ვინმემ ჩაწერა რომელიმე რეკომენდაციაში, რეზოლუციაში ან მოგვმართა ამ კუთხით, არამედ იმიტომ, რომ ეს ჩვენი გასაკეთებელია. თუ არ არის ეს მინიმალური კონსენსუსი, ქვეყანა ვერ განვითარდება. შეიძლება, დღეს სხვა ქვეყნებშიც არის არანაკლები პოლარიზაცია. ვუყურებთ ძლიერ, ნაკლებად ძლიერ ქვეყნებს, იქაც იგივე პროცესები მიმდინარეობს, მაგრამ ეს ქვეყნები უკვე არიან დემოკრატიულ სამყაროში და მათთვის არსებობს მთავარი დამცველი მექანიზმი, ეს არის ინსტიტუტების ძლიერება. არის ჯებირები, რაც გიცავს ნებისმიერი პოლარიზაციისგან, რომ ის არ გადავიდეს სხვა რამეში, მაგრამ ჩვენ ეს არ გაგვაჩნია, არ გვაქვს არც ძლიერი ინსტიტუტები, არც ინსტიტუტების პატივისცემა და არც ის პრინციპები, რაც არის მართლმსაჯულება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მსგავსი თემები