,,მიხეილ სააკაშვილი მოწამლულია” – ვალერი გელბახიანი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის ვალერი გელბახიანის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი მოწამლულია.

როგორც ადვოკატი განმარტავს, მესამე პრეზიდენტის მოწამვლის შესახებ უცხოელების დასკვნის საფუძველზე საუბრობს.

„უცხოელების ექსპერტიზის დასკვნაა. კვლევის ნაწილში არის მონაცემები თუ რა ელემენტები და ნაწილაკები ნახეს და რომელი მომწამლავი ნივთიერებისთვისაა დამახასიათებელი ეს ნაწილაკები. გამოკვლევის მთელი სერიაა. ხოლო თუ რა მომწამლავ ნივთიერებებზეა საუბარი ამის შესახებ მოგვიანებით ვიტყვით. გიდასტურებთ ფაქტს, რომ მოწამლულია“ – აცხადებს გელბახიანი.

რაც შეეხება იმას, თუ რა დროიდან არის მოწამლული მიხეილ სააკაშვილი, ციხეში ყოფნის დროს თუ ციხიდან კლინიკაში გადაყვანის შემდეგ. გელბახიანი განმარტავს, რომ ამას გამოძიება სჭირდება და დეტალებზე ბრიფინგზე ისაუბრებს, რომელიც ორ დღეში ჩატარდება.

„ყველა დაავადება, რომელიც მიხეილ სააკაშვილს აქვს შეიძლება ამ მოწამვლით იყოს გამოწვეული. თვითონ ინფორმირებულია, დიდი ხანია ეჭვი ჰქონდა, რომ მოწამლული იყო. სხვაგვარად ასე არ განვითარდებოდა მისი დაავადებები“, – განაცხადა ვალერი გელბახიანმა.

 

მსგავსი თემები