,,2012 წლის შემდეგ ქვეყანამ ევროპულ გზაზე მნიშვნელოვანი წინსვლა განიცადა”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,2012 წლამდე ჩვენ ვცხოვრობდით დიქტატორული, ავტოკრატიული რეჟიმის პირობებში, სადაც არავითარი რეალური ნიშან-წყალი დემოკრატიის არ არსებობდა, არც მედია, არც თავისუფალი სასამართლო,”– ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, 2012 წლის შემდეგ, ყველა ხელშესახები შედეგი ევროპულ გზაზე არის სწორედ   მმართველი პარტიის დამსახურებაა.

„ოლივერ ვარჰეი არის ჩვენი ხალხის, ქვეყნის მეგობარი, ჩვენი ქვეყნის ევროპული არჩევანის აქტიური მხარდამჭერი. მინდა, მას მთავრობის სახელით მადლობა გადავუხადო მისი პირადი წვლილისთვის, რომელიც მას შეაქვს ჩვენი ქვეყნის ევროპეიზაციის გზაზე. ბატონი ვარჰეის ვიზიტი არის პირველი, მას შემდეგ რაც, ევროპულმა საბჭომ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება ივნისის თვეში, როცა საქართველომ მიიღო ევროპული პერსპექტივა, ეს არის ჩვენთვის დიდი მოტივაცია, ეს არის დიდი პასუხისმგებლობაც ჩვენი მმართველი ძალისთვის, ხალხისთვის. ჩვენ ეს კარგად გვაქვს გააზრებული და სწორედ ამ სულისკვეთებით ვმუშაობთ 12 რეკომენდაციის შესრულებაზე. იცით, რომ საქართველო არის ევროპული არჩევანის ერთგული. ეს არის ჩვენი ისტორიული არჩევანი, თაობების არჩევანი და ოცნება, რომ გავხდეთ ევროპული ოჯახის ღირსეული და სრულუფლებიანი წევრი. ამ გზაზე ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ. ჩვენი მთავრობის დამსახურებაა, რომ 2012 წლის შემდეგ, ყველა ხელშესახები შედეგი ევროპულ გზაზე არის სწორედ ჩვენი მმართველი პარტიის დამსახურება, იქნება ეს ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, უვიზო რეჟიმი და ახლა ევროპული პერსპექტივა. ეს ყველაფერი ჩვენი ხალხისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის მოვიტანეთ ეს არ იყო შემთხვევით. ამას წინ უძღვოდა ბევრი შრომა. ასევე, 2012 წლამდე ჩვენ ვცხოვრობდით დიქტატორული, ავტოკრატიული რეჟიმის პირობებში, სადაც არავითარი რეალური ნიშან-წყალი დემოკრატიის არ არსებობდა, არც მედია, არც თავისუფალი სასამართლო. სამი წლის დაგვიანებით დაიწყო ქვეყანამ პროცესი – ასოცირების მოლაპარაკებები, უვიზო რეჟიმი ჩვენს დროს დაიწყო. ძალიან მოკლე დროში ჩვენ დავდეთ ხელშესახები შედეგები, რითაც საქართველო რეალურად გამოირჩევა, როგორც ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის ჯგუფში“, – განაცხადა პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს ამოცანაა, ქვეყანა იყოს დეოკუპირებული მშვიდობიანი გზით.

„ჩვენ ასევე კარგად გვესმის, რა რეალობის წინაშე გვიწევს ცხოვრება, ეს არის ოკუპაცია, ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტი არის ოკუპირებული, ეს არის დიდი გამოწვევა, ჩვენი მთავარი ამოცანა და მიზანია, ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია მშვიდობიანი გზით. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ თქვენ და ევროკავშირის მისიას, რომელიც ამ პროცესში აქტიურად არის ჩართული“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მსგავსი თემები