თამთა ჯანჯღავას “პიკასოს” მკვლელობა რომ დაეგეგმა, სახლში მიაკითხავდა – ადვოკატი

ჯგუფ “ქუჩის ბიჭების” წევრის, მომღერალ ირაკლი ნოზაძის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ თამთა ჯანჯღავას ადვოკატი არჩილ შაბაშვილი, არ ეთანხმება სასამართლო გადაწყვეტილებას და აცხადებს, რომ ის დანაშაულის ადეკვატური არ არის. შესაბამისად, აპირებს სასამართლო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც თამთა ჯანჯღავას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივროს.

როგორც არჩილ შაბაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მოსამართლემ ჩათვალა, რომ სახეზე იყო განზრახ მკვლელობის მცდელობა, ანუ თამთა ჯანჯღავას სურდა მოეკლა ირაკლი ნოზაძე, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. 

​ადვოკატის თქმით, არსებობს მთელი რიგი მტკიცებულებები, მათ შორის, ჟურნალისტების მიერ გავრცელებული კადრები, სადაც ნათლად ჩანს და ეს დაზარალებულმაც აღიარა, რომ ქალს ხელი პირველად ირაკლი ნოზაძემ მოუქნია და შეეცადა მისთვის დაერტყა.     

“მომღერალმა თქვა, რომ როდესაც ჩემს ავტომობილს ფეხი დაარტყა, გადმოვედი და ხელი მოვუქნიეო. სწორედ ამ დროს ჯანჯღავა მყისიერად მოქმედებს და მას ცივი იარაღით ჭრის. ამის შემდეგ, ის იარაღიან ხელს ქვემოთ უშვებს და არ განაგრძობს მისთვის ჭრილობის მიყენებას, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ჯანჯღავას  დაზარალებულის მოკვლა განზრახული არ ქონია. წინააღმდეგ შემთხვევაში ის მოქმედებას შედეგის დადგომამდე განაგრძობდა”, – განმარტავს ადვოკატი. 

მისივე თქმით, ​სახელმწიფო ბრალდებას, სასამართლო პროცესზე არ წარმოუდგენია არც ის ბრელოკი, რომელზეც ეკიდა დანა.

“ბრალდებული ამბობს, რომ მას ჰქონდა მცირე ზომის დანა, რომელის პირი იყო 5-6 სმ-ის სიგრძის. აქ არის კიდევ ერთი მომენტი, თვითონ ფაქტის საჯაროობა. დაზარალებული თვითონ ამბობს, რომ მოუწოდებდა ჯანჯღავას ავტომობილში ჩამჯდარიყო, ან სადმე, სხვაგან ესაუბრათ. მას რომ მკვლელობის ჩადენა ჰქონოდა განზრახული, ამისთვის გაცილებით მოფარებულ ადგილს აარჩევდა და არა ხალხმრავალ ეზოს, ან სახლში მიაკითხავდა”, – აცხადებს თამთა ჯანჯღავას ადვოკატი. 

რაც შეეხება საკითხს, იმყოფებოდა თუ არა ბრალდებული ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ, როგორც ადვოკატი აცხადებს, საქმეში ნარკოტიკები საერთოდ არ ფიგურირებს. მისი დაცვის ქვეშ მყოფი არც დანაშაულის მომენტში და არც შემდგომ, ნარკოტიკული ნივთიერების არანარი ზემოქმედების ქვეშ არ იმყოფებოდა.

“დანაშაულის ჩადენის მომენტში, ის ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ რომ ყოფილიყო, მეორე დღეს, როცა ის დააკავეს, მის ბიოლოგიურ მასალაში აღმოჩნდებოდა ნარკოტიკული ნივთიერების კვალი”, – განმარტავს ირაკლი შაბაშვილი.

მისივე ინფორმაციით, თამთა ჯანჯღავას მცირეწლოვან შვილზე ამჟამად ბებია ზრუნავს. ხოლო დედას  შვილთან კომუნიკაციისა და პაემნის უფლება შეზღუდული არ აქვს.

თამთა ჯანჯღავა, რომელსაც მომღერალ ირაკლი ნოზაძის დანით დაჭრის გამო სასამართლომ 8 წლით პატიმრობა მიუსაჯა, ქართა სასჯელაღსრულების N5 დაწესებულებაში იმყოფება. იმ შემთხვევაში თუ მას  აუცილებელი მოგერიების მუხლით გაასამართლებენ, 3 წლამდე პატიმრობას მიუსჯიდნენ.  

მსგავსი თემები