„არ ვაპირებ ბესო ალავიძის და მისი ოჯახის ლიკვიდაციას“ – ლევან მურუსიძე

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლე ლევან მურუსიძე აცხადებს, რომ ის არავის ლიკვიდაციას აპირებს და ეს თემა მოგონილია.

„გჯერათ, რომ ლევან მურუსიძე აპირებს ბესო ალავიძის და მისი ოჯახის ლიკვიდაციას? სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ არ ვაპირებ ბესო ალავიძის და მისი ოჯახის ლიკვიდაციას, მოგონილია ეს, ამიტომ ამ თემისგან არაფერი გამოვა“ – განაცხადა მურუსიძემ ჟურნალისტებთან.

შეგახსენებთ, რომ ყოფილი მოსამართლის, ბესარიონ ალავიძის თქმით, ის არ გამორიცხავს მისი ლიკვიდაციის მცდელობას, რადგანაც ის სასამართლო სისტემაზე მწვავე განცხადებებს აკეთებს.

როგორც მურუსიძე განმარტავს, ალავიძის განცხადებები ცილისწამებაა.

„ძალიან გთხოვთ, რომ ნუ ცდილობთ ისე გააკეთოთ, რომ იყოთ არაობიექტურები და ჩირქი მოსცხოთ სასამართლო სისტემას. ჩემი მონაცემებით და ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, ბესო ალავიძეს სურს, მიიღოს პოლიტიკური თავშესაფარი. ეს დაემთხვა არასამთავრობოების პოზიციას, რომ მათ სურთ გამოიყენონ ყველა ადამიანი, სასამართლოს დისკრედიტაციისათვის. ამ დროს, ფაქტობრივად, ცდილობენ, რომ გამოიყენონ ბესო ალავიძე. მე ვერ დაგეხმარებით იმაში, რომ ეს თემა სკანდალურ გახდეს, ვინაიდან, აბსოლუტურად აბსურდულია“, – განაცხადა მურუსიძემ მედიასთან.

მისივე შეფასებით ამ კამპანიის მიზანი საზღვარგარეთ პოლიტიკური თავშესაფრის მიღებაა.

„ბესარიონ ალავიძეს, როგორც ჩანს, უნდა პოლიტიკური თავშესაფარი. მას  წინა პლანზე გამოჰყავს საკუთარი ოჯახი ამბობს, რომ, ვითომ მის სიცოცხლეს ან მისი ოჯახის წევრებს საფრთხე ემუქრება, თქვენ გჯერათ, რომ ჩვენგან საფრთხე ემუქრება მას ან მის ოჯახის წევრებს? ამ აბსურდზე უნდა ვილაპარაკოთ? რაზე ვმუშაობთ, სადმე დავხვდებით ბესო ალავიძეს, მის ოჯახის წევრებს და ავაწიოკებთ, თუ რას ვუზამთ? ეს გათვლილია იმისათვის, რომ თავშესაფარი უნდა“ – აცხადებს მურუსიძე.

 

მსგავსი თემები