,,მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“ არ მიიღონ ადგილობრივი თვითმმართველობების კოდექსში ცვლილებები”- ანა წითლიძე

„ცვლილებებს „ადგილობრივი თვითმმართველობების კოდექსში“, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ დააინიცირა, არანაირი კავშირი არა აქვს ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერებასთან და პირდაპირ მიმართულია იმისკენ, რომ დაასუსტონ საკრებულოები. ეს ეხება  ოპოზიციურ საკრებულოებს“, -ამის შესახებ  ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“  წევრმა  ანა წითლიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 როგორც ანა წითლიძემ აღნიშნა, კანონის დღევანდელი რედაქციით, საკრებულოს მიერ ბიუჯეტის ორჯერ ჩაგდების შემთხვევაში,  მერის პასუხისმგებლობის და შესაბამისად, მისი ხელახალი არჩევნების გამართვის საკითხი დგება.

შემოტანილი ცვლილებებით, კი იგივე შემთხვევაში, დგება საკრებულოს და არა მერის პასუხისმგებლობის საკითხი. რაც ანა წითლიძის თქმით, არის ნონსენსი, რადგან ბიუჯეტის შედგენაზე, კოდექსის მიხედვით,  პასუხისმგებელია მერი და ეს მოცემულობა საკრებულოს პასუხისმგებლობის და შემდგომ მისი დაშლის საბაბი არ შიძლება გახდეს.

„ცვლილებებს აქვს ერთადერთი მიზანი, რომ ხელისუფლებამ შეძლოს ოპოზიციური საკრებულოების კონტროლი და ჰქონდეს ბერკეტი,  იმ შემთხვევისთვის, თუ ოპოზიციური საკრებულოები არ დაეთანხმებიან ბიუჯეტს,  დაშალოს ეს საკრებულოები. ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი ოპოზიცია და არასოდეს, მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტებში ადგილებზე  არ ვეთანხმებით ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესს, ჩვენ ვიწროპარტიული ინტერესების გამო რისკის ქვეშ არ დავაყენებთ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის და მოსახლეობის საჭიროებებს. შესაბამისად, ეს საფრთხე, რისიც ეშინია „ქართულ ოცნებას“, ნამდვილად არ დგას. მოვუწოდებ ადგილობრივი თვითმმართველობის ასოციაციას, გამოხატოს პოზიცია ამ ცვლილებებთან დაკავშირებით, რადგან ესაა ის ორგანიზაცია, რომელიც უნდა იყოს მთავარი გარანტორი ადგილობრივი თვითმმართველობების ამ ქვეყანაში. ასევე მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“, იფიქრონ ვიწროპარტიული ინტერესების გარეშე და არ მიიღონ  ამ სახით ეს ცვლილებები, რადგანაც ეს დააზიანებს დეცენტრალიზაციის პროცესს ქვეყანაში. ბიუჯეტის ჩაგდებაზე პასუხისმგებლობა ერთნაირად ეკისრებოდეს როგორც საკრებულოს, ისე მერს“, – განაცხადა ანა წითლიძემ.

მსგავსი თემები