უკანონოდ დაპატიმრებული ბიზნესმენისთვის სახელმწიფოს მილიონიანი ზარალის ანაზღაურება მოუწევს

ყოფილი ხელისუფლების, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დროს დაზარალებული, ავიაკომპანია “ფლაი აჭარას” დამფუძნებელი ნოდარ კაკაბაძე, ქონებრივი და მორალური ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით სამართლებრივი დავის დაწყებას აპირებს. ბიზნესმენი სახელმწიფოს მილიონიან ზარალს ედავება და თავდაცვის ექსმინისტრ ბაჩო ახალაიასა და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროს გიორგი კალანდიას დანაშაულებრივ ქმედებებზე საუბრობს.

როგორც ნოდარ კაკაბაძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, 2010 წელს ის უკანონოდ დააპატიმრეს, სახელმწიფოსთვის ქონების გადაცემა მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში 20 წლით თავისუფლების აღკვეთით ემუქრებოდნენ. 

ბიზნესმენმა წინასწარ პატიმრობაში 9 თვე დაატარა. ციხიდან, საპროცესო გარიგების საფუძველზე გამოუშვეს, თუმცა 6 წლით პირობითი სასჯელი და 4 000 ლარის ჯარიმა დააკისრეს. უცხო ქვეტყნის კუთვნილი ტვირთი და თვითმფრინავი ჩამოართვეს. საინვესტიციო ზარალი მიადგა ქვეყანასაც. 

9 თვიანი პატიმრობის შემდეგ, რამდენიმე თვეში, ბიზნესმენს ექსპრეზიდენტმა სააკაშვილმა ღირსების ორდენი გადასცა. 2012 წლის საპარალამენტო არჩევნების დროს კი პარტია “ნაციონალური მოძრაობის” მხარდაჭერას და დახმარებას სთხოვდნენ. 

მიყენებული ზარალისა და სახელმწიფოსთან სამოქალაქო დავის შესახებ, ნოდარ კაკაბაძემ  “მედიაცენტრ მთავარის” პრესკლუბში ისაუბრა.  

მისი თქმით, სატვირთო გადაზიდვების განხორციელების მიზნით, 2008 წელს, შვილთან ერთად ავიაკომპანია “ფლაი აჭარა” შექმნა, 2 სატვირთო ხომალდი დაარეგისტრირა. ტვირთის გადაზიდვებს აწარმოებდნენ მთელი ევროპის მასშტაბით, მათ შორის შეასრულეს 6 რეისი საქართველოდან ტრანზიტულად აშხაბადის მიმართულებით.  

ძირითადად საბრძოლო მასალა გადაჰქონდათ, სპეციალური ნებართვისა და ლიცენზიის საფუძველზე, რაც ევროპული სტანდარტებით არის მიღებული. აეროპორტის ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთი და იქ განთავსებული ვერტმფრენები, რომლებიც კომპანიამ ტენდერით შეიძინა, “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების მაღალჩინოსნების ყურადღების ცენტრში იყო. თავდაცვის სამინისტროსა და კუდის წარმომადგენლები ხშირად სტუმრობდნენ კომპანიას.  

“2010 წლის ზაფხულში, დაახლოებით 8 კაციანი ჯგუფი მოვიდა, – ქონების დათვალიერება გვინდაო.  მანამდეც დადიოდნენ, ათვალიერებდნენ. შენობა ასლან აბაშიძის დროს იყო აშენებული. აგვისტოში გადასაზიდი ტვირთით დაინტერესდნენ, რა არის შიგნითო? ვუთხარი, რომ ეს კერძო საკუთრება იყო და მისი გახსნის უფლება არ გვქონდა. ტვირთი დალუქეს თურმე. მე არ ვიცოდი, თორემ ამ საბედისწერო რეისს არ შევასრულებდი”, – იხსენებს ნორად კაკაბაძე. 

ავიაკომპანია “ფლაი აჭარას” სატვირთო თვითმფრინავმა საბედისწერო დაშვება ბათუმის აეროპორტში 2010 წლის 30 ოქტომბერს, ღამის 1:30-ზე განახორციელა. ხომალდს საწვავი უნდა აეღო და გზა განეგრძო, რა დროსაც
თავდაცვისა და კუდის თანამშრომლებმა ის ალყაში მოაქციეს და სხვა სახელმწიფოს კუთვნილი ტვირთი დალუქეს.

“საშინლად წვიმდა. თვითმფრინავის მეთაური ნავიგაციის შენობაში წავიყვანე, რათა ფრენების გასაგრძელებლად გაეგო, როგორი ამინდი იყო აშხაბადში და ნებართვა აეღო. უკან როცა დავბრუნდით, თვითმფრინავი თავდაცვისა და კუდის თანამშრომლების ალყაში ვნახე. მითხრეს, – თვითმფრინავი დაპატიმრებულია. უნებართვოდ არის შემოტანილი ტვირთიო. ხომალდის მეთაურს ვკითხე, საბუთები ხომ წესრიგში გაქვთ – მეთქი? ამის შემდეგ დაკითხვები აეროპორტის შენობაში დაიწყეს. დაახლოებით ღამის 4 საათზე გადაგვიყვანეს ბათუმის პროკურატურის შენობაში. დილის 10 საათზე მითხრეს ხომალდის მეთაური წაიყვანე და დილით თვითმფრინავი გაფრინდებაო. 

ისევ აეროპორტის ტერიტორიაზე შევედი. თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები ყუთებს ხსნიდნენ და ათვალიერებდნენ. დაახლოებით 137 ცალი ყუთი იყო. დავურეკე ჩვენს პარტნიორებს და შევატყობინე, რომ ყუთებს ხსნიან-მეთქი. მათ მითხრეს, რომ ყუთების გახსნა არ შეიძლებოდა, რადგან ამის გამო, პრობლემები აშხაბადში შეგვექმნებოდა. ტვირთი აშხაბადის ხელისუფლების საკუთრება იყო. ვთხოვე, ყუთები არ გაეხსნათ. დაურეკეს ბაჩანა ახალაიას. ის სასწრაფოდ მოვიდა აეროპორტში. გასცა განკარგულება, შეამოწმეთ და გაუშვითო. მოგვიანებით გვითხრეს, საქმე გამოძიებაში ბრუნდებაო და სამხედრო პოლიციის შენობაში წაგვიყვანეს. ხომალდის მეთაური, ტვირთის წარმომადგენელი და მე დაგვაკავეს. ბაჩანა ახალაიას მოადგილე მეუბნება, – ასე წყნარად რომ ზიხარ, ვისი იმედი გაქვსო? 

დაკავების მიზეზიც არ თქვეს, ვიგრძენი, რომ ქონებაზე იყო საუბარი. თბილისში რომ წამოგვიყვანეს, დროებითი დაკავების იზოლატორში ადგილი არ იყო და მარნეულში გადაგვიყვანეს. მეორე დღეს შედგა სასამართლო და 2 თვე წინასწარი პატიმრობა მოგვისაჯეს. ვცადე მოლაპარაკებების გამართვა, – თუ სახელმწიფოს სჭირდება თვითმფრინავები, მზად ვართ ვითანამშრომლო და მოგების გარეშე განვახორციელო სატვირთო გადაზიდვები მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან -მეთქი. მანამდე ქუთაისში შევასრულე 34-მდე რეისი, უშუალოდ სახელმწიფოსთვის. უკრაინიდან მოჰქონდათ საბრძოლო იარაღი.  

​მოითხოვეს ორივე თვითმფრინავი მოგვეცითო. ვუთხარი, რომ თვითმფრინავი არენდით გვაქვს აღებული და ჩვენი საკუთრება არ იყო. მაშინ 20 წლით დაგაპატიმრებთო. 2 წლის განმავლობაში შვილი ქვეყნიდან გავიყვანე, მის დაპატიმრებასაც აპირებდნენ. ​​სასამართლოზე ყოველი გამოსვლის წინ ციხის თანამშრომლები მეუბნებოდნენ, – დათმეო. 9 თვე ვიჯექი. საპროცესო შეთანხმებით გამოვედი, ტვირთი წაიღეს, 4 000 ლარით დამაჯარიმეს და 6 წლიანი პირობითი მომცეს.  240 ათასი აშშ დოლარის საქონელი დაიტოვეს. წართმეული ქონება აშხაბადში განმეორებით ჩავიტანეთ, იმიტომ, რომ აშხაბადის უშიშროების სამსახურის მიერ შეკვეთილი ტვირთი იყო. იმათ არ აინტერესებს ვინ ჩამოგვართვა”, – აცხადებს დაზარალებული ბიზნესმენი ნოდარ კაკაბაძე.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისა და ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ქონების ნახევარი დაიბრუნა. კომპანია “დელტაში” ამჟამად, მისი კუთვნილი ორადგილიანი ვერტმფრენები, 6 და 8 ადგილიანი მცირე ზომის თვითმფრინავები დგას. სატვირთო ავიაგადამზიდი კი მეპატრონემ,  სასამართლოს განჩინებით უნდა დაიბრუნა. ის 2014 წლამდე ვაზიანის აეროპორტში იდგა.  

ავიაკომპანია “ფლაი აჭარა” ამჟამად გაუქმებულია, არენდით აღებული თვითმფრინავები მეპატრონეს დაუბრუნდა.​ ​ზარალი 1 მილიონ აშშ დოლარ აჭარბებს. ​ საინვესტიციო ზარალი მიადგა ქვეყანასაც.

“პარტნიორი მყავდა, რომელსაც 2 კვირაში 2 სამგზავრო თვითმფრინავის შემოყვანას აპირებდა აჭარაში, ტურიზმის განვითარების მიზნით. ამ ორ თვითმფრინავს საწყისად სამუშაოს 1,2 მლნ ლარი სჭირდებოდა. კიდევ კარგი, რომ ეს ინვესტიცია არ განხორციელდა, თორემ ამასაც ჩამომართმევდნენ”, – აცხადებს ბიზნესმენი.  

მისივე თქმით, ავიაკომპანიის აღდგენა სირთულეებთან არის დაკავშირებული. ფასები გაზრდილია, თუ წლების წინ მიზერულ თანხად შეეძლო თვითმფრინავების ჩამოყვანა, ახლა ერთი თვითმფრინავის დარეგისტრირებას 100-დან 200 ათასი აშშ დოლარი უჯდება. 
 

მსგავსი თემები