„ევროპის მომავალი თქვენი მომავალია, დიდება უკრაინას“ – ურსულა ფონ დერ ლაიენი  

„ევროპა ოცნებაა… დღეს ოცნება მკვეთრად კაშკაშებს, არა მხოლოდ აქ ისტორიულ ადგილას, არამედ ადამიანების გულებსა და გონებაში კიევში, ხარკოვში, ოდესასა და პოლტავაში, მარიუპოლსა და მიკოლაევში“ – ეს განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპის დღესთან დაკავშირებით გააკეთა.

როგორც ფონ დერ ლაიენი აცხადებს, უკრაინა სწორედ თავისუფლების, ბრძოლის, თავგანწირვისა და ევროპული ღირებულებების სიმბოლოა.

„ის კაშკაშებს იმ ოჯახებისა და ახალგაზრდების სიმხნევისთვის, რომლებიც ბუნკერებს აფარებენ თავს; ვინც მეტროსადგურებსა და სარდაფებშია; ვინც გლოვობს, უაზრო, უგულო სიმხეცის გამო, რომელიც ჩადენილია ბუჩასა და ირპენში; ის კაშკაშებს ყველა იმ ახალგაზრდა უკრაინელის თვალებში, ვინც თავშესაფარი ევროპაში იპოვა – სახლი სახლიდან მოშორებით. ამ ადამიანებს, ახალგაზრდებსა და ზრდასრულებს სურთ იბრძოლონ და დაიხოცონ მათი მომავლისთვის და ევროპული ოცნებისთვის“ – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინიელების მიმართ მხარდაჭერა გამოხატა და აღნიშნა, რომ მათი სიმამაცე და გამბედაობა მომავალია.

„მსურს ჩემი გამოსვლა შემდეგი გზავნილით დავასრულო ჩვენი უკრაინელი მეგობრებისა და ოჯახისთვის – ევროპის მომავალი თქვენი მომავალია. შემდეგი გვერდი ახლა თქვენ მიერ იწერება, ჩვენ მიერ, ყველა ჩვენგანის მიერ. დიდება უკრაინას. დღეგრძელი იყოს ევროპა“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

 

მსგავსი თემები