ოჯახში ძალადობის მსხვერპლი, გადახდისუუნარო პირები უფასო იურიდიული დახმარებით ისარგებლებენ

ოჯახში ძალადობით დაზარალებული, რომელიც კანონის მიხედვით მიიჩნევა გადახდისუუნაროდ, ისარგებლებს უფასო იურიდიული დახმარების უფლებით – ამის შესახებ, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს.

უფასო იურიდიული დახმარების უფლებით, ისარგებლებს ასევე დაზარალებული, რომელიც კანონის მიხედვით არ მიიჩნევა გადახდისუუნაროდ, მაგრამ დადასტურდება ჩამოთვლილთაგან  ერთ-ერთი გარემოების არსებობა:  წინა 12 თვის განმავლობაში მისი, როგორც ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი არ აღემატებოდა 6 000 ლარს, ამავდროულად, საქართველოში რეგისტრირებულ კომერციულ ბანკებში მის სახელზე გახსნილ ანგარიშზე ცნობის გაცემის მომენტისთვის არსებული თანხის ოდენობა არ აღემატებოდა 500 ლარს, ხოლო ბოლო 90 დღის განმავლობაში ანგარიშზე არსებული თანხის ბრუნვა არ აღემატება 1500 ლარს; ასევე თუ პირს აქვს მძიმე ფინანსური მდგომარეობა, რაც დასტურდება იურიდიული დახმარების საბჭოს მიერ წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობის შესაძლებლობა გულისხმობს როგორც სამართლებრივი დოკუმენტების შედგენას, ისე სისხლის სამართლის პროცესში დაზარალებულის დაცვას.

„ყველა ადმინისტრაციული ორგანო და საბანკო დაწესებულება ვალდებული იქნება, იურიდიული დახმარების სამსახურის მოთხოვნის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უსასყიდლოდ მიაწოდოს მას ინფორმაცია შესაბამისი პირის ქონებრივი მდგომარეობის, შემოსავლების, საბანკო ანგარიშების, ანგარიშებზე არსებული ნაშთებისა და თანხის ბრუნვის შესახებ“, -განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მსგავსი თემები