ტემპერატურა და სისხლჩაქცევები – სეზონური მომაკვდინებელი ვირუსის ძირითადი გამოვლინება

გაზაფხულისა და ზაფხულის სეზონის დადგომასთან და ბუნებაში გასვლასთან ერთად, მედიკოსები მაქსიმალური თავდაცვისკენ მოგვიწოდებენ და გვაფრთხილებენ, რომ სისხლჩაქცევებსა და ტემპერატურას ყურადღება მივაქციოთ. როგორც ეპიდემიოლოგმა გიორგი კამკამიძემ „მედიაცენტრ მთავართან“ განაცხადა, ყირიმ-კონგოს ცხელება საქართველოში უკვე დაფიქსირდა.

„მნიშვნელოვანია, გაზაფხულისა და ზაფხულის სეზონის დადგომასთან ერთად, ყურადღება მივაქციოთ სხვა სახის ვირუსებსაც, ინფექციებს, რომელიც კორონავირუსის გამო საკმაოდ დავიწყებული გვაქვს.  ერთ-ერთია ტკიპებთან დაკავშირებული დაავადებები, მაგალითად, ყირიმ-კონგოს ცხელება, რომელიც საქართველოში უკვე დაფიქსირდა. ამ შემთხვევაში საუბარია სამ ადამიანზე. ეს არის საკმაოდ საშიში ინფექცია, რადგანაც, მისი სიკვდილიანობის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია და 10-დან 40%-მდე მერყეობს“ – განაცხადა გიორგი კამკამიძემ „მედიაცენტრ მთავართან“.

როგოც ეპიდემიოლოგი განმარტავს, ვირუსის ამოცნობა რამდენიმე სიმპტომით შეიძლება.

„გამოირჩევა იმით, რომ ძალიან სწრაფად ხდება სიმპტომების გამოვლენა. ინკუბაციური პერიოდი 1-3 დღეა. ყურადღება უნდა მივაქციოთ ტკიპას ნაკბენს. მას ახასიათებს კუნთების ტკივილი, კისრის და ზურგის ტკივილი, ტემპერატურა და სისხლჩაქცევები. ტემპერატურა და სისხლჩაქცევა ძალიან საშიში ნიშანია, რომელზე რეაგირება აუცილებლად უნდა მოხდეს. ზოგ შემთხვევაში ტკიპას ნაკბენი შესაძლოა შეუმჩნეველიც იყოს. ტკიპას ძალიან ბევრი სახეობა არსებობს. ის ბალახზეც არის მიწაშიც და ცხოველსაც ჰყავს. ექიმებსაც მივმართავ, რომ ყოველი ასეთი შემთხვევა შეატყობინონ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულ ცენტრს“ – განაცხადა გიორგი კამკამიძემმედიაცენტრ მთავართან“.

 

მსგავსი თემები