წელიწადში 50 000 სამუშაო ადგილი უნდა შევქმნათ, “დრაკონული წესები” გავამარტივოთ – მამუკა ბახტაძე

  •  

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში, ყოველწლიურად 50-60 ათასამდე სამუშაო ადგილი უნდა იქმნებოდეს და მათი დიდი ნაწილი მცირე და საშუალო ბიზნესზე მოდიოდეს. ბიზნესმა უნდა შექმნას სამუშაო ადგილები, რომელიც საბოლოო ჯამში სიღარიბის ნაბიჯ-ნაბიჯ შემცირებასა და დაძლევას შეუწყობს ხელს.

როგორც მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ამ თვალსაზრისით მთავრობას კონკრეტული ინიციატივები აქვს. კერძოდ, საუბარია ახალი საბაჟო კოდექსის შექმნაზე, სასტარტო კაპიტალის რეფორმაზე, დაზღვევის ინსტრუმენტებზე, რომელიც ევროკავშირის რეკომენდაციებით შემუშავდა. ასევე, ექსპორტის წამახალისებელ პროგრამებზე, რომლებიც ორიენტირებული იქნება სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესში უფრო მეტი სამუშაო ადგილის გენერირებაზე.

​ბახტაძის შეფასებით, საქართველოში არსებული ეკონომიკური მოდელი და მოქმედი წესები, მცირე და საშუალო ბიზნესს განვითარების საშუალებას არ აძლევს. ამის შედეგია ის, რომ მთლიან შიდა პროდუქტში, მცირე და საშუალო ბიზნესის წილი მცირეა.

„ჩვენი ბაზარი საკმაოდ მცირეა იმისთვის, რომ ბიზნესმა შეძლოს აქტიური განვითარება. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვან ამოცანად დარჩება გლობალურ ეკონომიკაში საქართველოს უფრო ეფექტიანი ინტეგრირება. გვაქვს მნიშვნელოვანი პროექტები, რომ ჩვენი ქვეყანა უფრო კონკურენტუნარიანი გავხადოთ. მაგალითისთვის შემიძლია დაგისახელოთ ლოგისტიკა, რომელიც ჯერ კიდევ მსხვილ ხარჯად რჩება ჩვენი მეწარმეებისთვის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, საგადასახადო პოლიტიკა იქნება მაქსიმალურად ლიბერალური და წარდგენილია მნიშვნელოვანი ინიციატივები, რომლებიც ჯარიმების და საურავების დაწესების „დრაკონული წესების“ შეცვლას გულისხმობს.

მთავრობის მეთაურმა ასევე ისაუბრა დღგ-ს დაბრუნების რეფორმაზე, რომელიც მომავალი წლიდან ელექტრონულ რეჟიმში ამოქმედდება.

„წელს ნახევარ მილიარდზე მეტი დაუბრუნდათ ქართველ მეწარმეებს. ჩვენ ამ პროგრამას მომავალში გავაგრძელებთ და ჩვენი ამოცანაა, 2018-2020 წლების განმავლობაში მილიარდ-ნახევარი ლარი დაიბრუნონ ჩვენმა მეწარმეებმა, რაც გაზრდის მათი პროდუქციის კონკურენტუნარიანობას“, – განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი თემები