ხორცი და რძის პროდუქტები საახალწლოდ განსაკუთრებით მაღალ რისკჯგუფშია – ვასილ ბასილაძე  

  •  

​სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის უფროსი ვასილ ბასილაძე აცხადებს, რომ ხორცი, ასევე, ხორცისა და რძის პროდუქტები წლის ყველა პერიოდში, მათ შორის, საახალწლოდ, ყველაზე მაღალი რისკის მქონე სურსათია. იგი ​მოქალაქეებს ურჩევს, ხორცი და რძის პროდუქტები არ შეიძინონ არაორგანიზებული გარევაჭრობის ადგილებში, არამედ სურსათი მხოლოდ რეგისტრირებულ, კეთილმოწყობილ დაწესებულებებში, ბიზნესოპერატორებთან, სადაც დაცულია სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები.

როგორც ვასილ ბასილაძემმედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ყველაზე მაღალი რისკის სურსათზე – ხორცსა და რძის პროდუქტებზე, სახელმწიფო კონტროლი მუდმივად მიმდინარეობს. მონიტორინგი არის სახელმწიფო კონტროლის ერთ-ერთი ფორმა, ხოლო ყველაზე ფართომასშტაბიანი ღონისძიება – ინსპექტირება, რომელიც სხვადასხვა მექანიზმებს აერთიანებს, როგორი არის ნიმუშის აღება, ზედამხედველობა, დოკუმენტური შემოწმება, გეგმიური და არაგეგმიური ინსპექტირება.

“ინსპექტირების ფარგლებში სააგენტო, ყველა მიმართულებით მუდმივად ამოწმებს ​ბიზნესოპერატორებს, მათ შორი, მაღალი რისკის სურსათით მოვაჭრეებს. ​შედეგები გვაქვს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მდგომარეობა სრულფასოვნად გამოსწორებულია. გამოწვევები რჩება, რასაც მომდევნო 2019 წელს უფრო მეტი სიმძლავრით მივხედავთ. თუმცა აღსანიშნავია ის გარემოება, რომ შარშანდელთან შედარებით, სახელმწიფო კონტროლი უფრო გააქტიურებულია თბილისის მასშტაბით. მაშინ, როდესაც თბილისის საქალაქო სამსახურმა შარშან 11 500-მდე აქტივობა განახორციელა, წელს უკვე, დეკემბრამდე 14 000-ზე მეტი აქტივობა გვაქვს ჩატარებული, რაც იმას ნიშნავს, რომ უფრო მეტი ბიზნესოპერატორია წელს შემოწმებული, როგორც ინსპექტირების, ასევე გადამოწმების, დოკუმენტური შემოწმებით, ყველა მექანიზმით”, – აცხადებს ვასილ ბასილაძე.

სურსათის შეძენისას მნიშვნელოვანია ეტიკეტირების წესების დაცვა. ეტიკეტზე აუცილებლად უნდა იყოს  განთავსებული ყველა ის ინფორმაცია, რომელიც მომხმარებელმა უნდა იცოდეს. ბიზნესოპერატორი ვალდებულია ეტიკეტზე განათავსოს პროდუქციის წარმომავლობა, ის თუ რომელ სასაკლაოზე არის ხორცი დამუშავებული, საქონლის საყურე ნიშანი, შენახვის პირობები, ვარგისიანობის ვადა და ა.შ. გარე ვაჭრობის შემთხვევაში ეს პირობები ხშირად დარღვეულია.

აღსანიშნავია, რომ 2017 წლის პირველი იანვრიდან მოქმედებს ტექნიკური რეგლამენტი, რომლის მიხედვით, საქონლის ხორცისა და ხორცპროდუქტების ეტიკეტირება სავალდებულოა. გარდა ამისა, სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს რეგისტრირებულ ბიზნესოპერატორებთან.

“გარევაჭრობა, თავისი შინაარსით, უკვე კანონგარეშე ქმედებაა, რომელიც სახელმწიფო კონტროლს არ საჭიროებს. ​მიუხედავად იმისა, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო ბიზნესოპერატორებს აქტიურად ამოწმებს, მოსახლეობის ჩართულობაც მნიშვნელოვანია. უნდა მივაქციოთ ყურადღება თუ სად ვყიდულობთ ამა თუ სურსათს. როგორია სარეალიზაციო განყოფილება – დახლ-მაცივარი. ხორცის, ყველისა და რძის პროდუქტების შეძენის შემთხვევაში, ყურადღება უნდა მივაქციოთ ეტიკეტირებას. ასევე, მეტად მნიშვნელოვანია შეძენილი სურსათის ვიზუალური მხარე იყოს დამაკმაყოფილებელი. ხორცი თუ არის არასასიამოვნო შეფერილობის, ლორწოვანი, აქვს უსიამოვნო სუნი, ის არის ვადაგასული და საკვებად შეუსაბამო”, – განაცხადა ვასილ ბასილაძემ “მთავარში“.

მისივე ინფორმაციით, ​არარეგისტრირებულ სავაჭრო ობიექტებში, ასევე, მაღალია დაავადებული, არავაქნიცირებული ხორცის შეძენის საშიშროება, რაც შესაძლოა მოქალაქეების ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის საშიში იყოს. “სასწორის ერთ მხარეს თუ არის ფინანსური დანაზოგი, მეორე მხარეს დევს ჩვენი სიცოცხლე და ჯანმრთელობა, რომელიც უფრო მეტად ფასეულია”, – აცხადებს ​სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის უფროსი ვასილ ბასილაძე.

მსგავსი თემები