თბილისის ოპერა პოლიტიკისგან უნდა გათავისუფლდეს – დავით ოქიტაშვილი ანანიაშვილის წინააღმდეგ 

​ხელოვნების სფეროში პროფკავშირების თავმჯდომარე დავით ოქიტაშვილი მოითხოვს, პრიმაბალერინა ნინო ანანიაშვილი, თბილისის ოპერისა და ბალეტის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადადგეს. მიზეზი ანანიაშვილის მეუღლის, პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის მხრიდან გაკეთებული ანტისახელმწიფოებრივი განცხადებებია.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” დავით ოქიტაშვილმა განუცხადა, პიროვნულად ანანიაშვილის საწინააღმდეგო არაფერი აქვს, მაგრამ მიაჩნია, რომ ანანიაშვილი – ვაშაძის ოჯახის პოლიტიკური შეხედულებების გამო თბილისის ოპერის დასის წევრები პოლიტიკური ზეგავლენის ქვეშ იმყოფებიან. გარდა ამისა, ოპერაში დიდი ხანია გამეფებულია ნეპოტიზმი და მისი კარი, ბევრი ნიჭიერი და ცნობილი ხელოვანისთვის დაკეტილია.

“ოპერაში, პოლიტიკურად ძალიან დაძაბული ვითარებაა შექმნილი. ნინო ანანიაშვილის მიმართ ჩემი ღრმა პატივისცემის მიუხედავად მიმაჩნია, რომ ყველა კულტურული დაწესებულება უნდა გათავისუფლდეს პოლიტიკისა და პოლიტიკური გავლენისგან. როდესაც შენი ოჯახის წევრი აკეთებს ასეთ განცხადებას და საზოგადოებას ხელისუფლების დამხობისკენ მოუწოდებს, ძალიან უხერხულია რჩებოდე ასეთ თანამდებობაზე. დასის წევრებს ეშინიათ, განსხვავებული პოლიტიკური პოზიციის გამო არ დაითხოვონ სამსახურიდან”, – განაცხადა დავით ოქიტაშვილმა.

მისივე თქმით, ოპერის საბალეტო დასში არსებული ვითარების შესახებ მას გარკვეული ინფორმაცია აქვს თავად დასის წევრებისგან და გეგმავს, ორშაბათს მათ პირადად შეხვდეს და პრობლემების შესახებ პირველი პირებისგან მოისმინოს,

” ჩემთან მოვიდა რამდენიმე ადამიანი და მითხრეს, რომ პოლიტიკური ნიშნით იდევნებიან. ეს ინფორმაცია თუ დადასტურდება, აუცილებლად გავაკეთებ მწვავე განცხადებას. პირველ რიგში დავიწყებ დიალოგს. მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ აქვს. ​როდესაც მისი ქმარი მოქალაქეებს ხელისუფლების დამხობისკენ მოუწოდებს, ნინო ანანიაშვილიც არის თანამდებობის პირი, მაშინ უნდა გამოვიდეს და საჯაროდ თქვას, რომ  არ ეთანხმება მეუღლეს. წინააღმდეგ შემთხვევაში მოვითხოვთ დატოვოს თანამდებობა”, – განუცხადა დავით ოქიტაშვილმა “მთავარს”.

​მისივე თქმით, ხელოვნების სფერო თავისუფალი უნდა იყოს პოლიტიკისგან, ხოლო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ხელმძღვანელ თანამდებობებზე პოლიტიკისგან თავისუფალი ადამიანები უნდა მუშაობდნენ.

აღსანიშნავია, რომ ნინო ანანიაშვილი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრს 2004 წლიდან ხელმძღვანელობს. ის ამ თანამდებობაზე ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დანიშნა.

 

მსგავსი თემები