რა პირობას დებს ჩინეთი მსოფლიოსთან – ელჩის ექსკლუზიური ინტერვიუ „მედიაცენტრ მთავართან“

  •  

რა შედეგებს მიაღწია ჩინეთმა პანდემიის დაწყებიდან დღემდე? როგორ მოხერხდა ჩვეულ, აქტიურ რეჟიმში დაბრუნება, როგორ აგრძელებენ მუშაობას რესტორნები, კაფე-ბარები, კინო-თეატრები;  როგორია ჩინეთის პოლიტიკა „კოვიდ-ვაქცინებთან“ დაკავშირებით; რა პირობას დებს ჩინეთი; როგორ გადავიდა ჩინეთი ეკონომიკური კლებიდან ეკონომიკურ ზრდაზე – ამ და სხვა საკითხებზე ჩინეთის ელჩი საქართველოში ლი იენიმედიაცენტრ მთავარს ესაუბრა.    

მედიაცენტრი მთავარი:“ რა ვითარებაა ამ ეტაპზე, „კოვიდ 19“-თან დაკავშირებით ჩინეთში? როგორ მოახერხა ჩინეთმა, რომ პანდემია შეკავებულია?

ლი იენი: მადლობას გიხდით ჩინეთის ეპიდსიტუაციით დაინტერესებისთვის. კოვიდ-19-ის ეპიდემია ბოლო  ასი წლის განმავლობაში ყველაზე სერიოზული ინფექციური დაავადებაა, რომელიც გლობალურ პანდემიად იქცა. გამოწვევების წინაშე, ჩინეთის მთავრობა უპირველეს ადგილზე ყოველთვის ხალხსა და სიცოცხლეს აყენებს; ხალხის ერთიანი ძალისხმევით, მან ეპიდემიის პრევენციისა და კონტროლისთვის სახალხო, ტოტალური და შემაკავებელი ომი გააჩაღა. მნიშვნელოვანი საქმეების კეთებისას, ჩინეთი, როგორც ჭადრაკის ერთ დაფაზე, ისე უწევს მთელი ქვეყნის მასშტაბით ძალებს კოორდინირებას.

ჩვენადრეული გამოვლენის, ადრეული შეტყობინების, ადრეული იზოლაციისა და ადრეული მკურნალობისპრინციპი დავიცავით. ეპიდემიის თავდაპირველი გავრცელების შეჩერებას დაახლოებით ერთი თვე, უხანსა და ხუპეიში გადამწყვეტი შედეგების მიღწევას სამი თვე მოვანდომეთ, ხალხის სიცოცხლის, უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვა უმაღლეს დონეზე შევძელით, ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვან, სტრატეგიულ შედეგებს მივაღწიეთ და სოციალურ-ეკონომიკური განვითარება და ცხოვრების ნორმალური რეჟიმი უკვე აღვადგინეთ.

მიუხედავად იმისა, რომ ეპიდემია მძვინვარებს, ჩინეთის რეალურმა ქმედებებმა დაამტკიცა, რომ ადრეული ჩარევით, სწორად დაგეგმვით, სამეცნიერო პოლიტიკის განხორციელებით, ეპიდემიის პრევენცია, კონტროლი და მკურნალობა შესაძლებელია. ამან გლობალურ დონეზე ეპიდემიის პრევენციისა და კონტროლის სამუშაოებში ნდობა და მოტივაცია შეიტანა. ამავე დროს, უნდა გვესმოდეს, რომ კოვიდ-19 ძალიან ცბიერი ვირუსია. ეპიდემიის გრძელვადიანი ხასიათისა და სირთულის დონის ვერშეფასება არ შეიძლება. ჩინეთში ჯერ კიდევ არის ეპიდემიის გავრცელების სპორადული და იმპორტირებული შემთხვევები, მაგრამ ჩვენ სიფხიზლეს არ ვადუნებთ და ეფექტური ზომების მიღებით ეპიდემიის გავრცელების რისკის მინიმუმამდე შემცირებას ვცდილობთ.

მედიაცენტრი მთავარი“: რა შეზღუდვები მოქმედებს ქვეყანაში? პანდემიიდან დღემდე, რა ზარალი მიიღო ქვეყანამ ეკონომიკური კუთხით?

ლი იენი: დღეს ჩინეთში სოციალურეკონომიკური განვითარება და ცხოვრების ნორმალური რეჟიმი აღდგენილია. გაიხსნა რესტორნები, კინოთეატრები, განახლდა ტურიზმი და გასართობი და დასასვენებელი ღონისძიებები. ეპიდემიიდან მიღებული გამოცდილებით, ჩინელი ხალხისთვის პირბადის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა ყოველდღიურ ჩვევად იქცა, რაც მათ ნორმალურ ცხოვრებაზე არანაირ გავლენას არ ახდენს. რა თქმა უნდა, სპორადული შემთხვევების მქონე ადგილებში, პრევენციისა და კონტროლის შესაბამისი მოთხოვნები და ზომები უფრო მკაცრია.

კოვიდ-19-ის  გლობალური პანდემიის გამო მსოფლიო ეკონომიკა სერიოზულად დაზარალდა, რამაც მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ჩინეთის ეკონომიკის კლებაც გამოიწვია. ჩინეთმა პირველ ყოვლისა ეპიდემია შეაჩერა, შემდეგ მუშაობა და წარმოება განაახლა და ეკონომიკური ზრდის პოტენციალის ათვისებას სრულად შეუწყო ხელი. ამ წლის პირველ სამ კვარტალში მშპ 0.7%-ით გაიზარდა და ქვეყანა ეკონომიკური კლებიდან ისევ ზრდაზე გადავიდა. ჩინეთი ერთადერთი მსხვილი ეკონომიკაა მსოფლიოში, რომელმაც  დადებით ეკონომიკურ ზრდას მიაღწია. საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) პროგნოზით, 2021 წელს ჩინეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 8,2% -ს მიაღწევს. ჩინეთი აგრძელებს ყოველმხრივ გახსნილობას, ხელს უწყობს განვითარების ახალი მოდელის შექმნას და მსოფლიო ეკონომიკის აღდგენისა და განვითარებისთვის იმპულსის შექმნას.

მედიაცენტრი მთავარი:“ ვაქცინასთან დაკავშირებით როგორია ჩინეთის პოლიტიკა?

ლი იენი: რაც შეეხება ვაქცინის საკითხს, ჩინეთი ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ვაქცინების უსაფრთხოებასა და ეფექტურობას. ვაქცინების შემსწავლელი და განმავითარებელი ჩინური კომპანიები მკაცრად იცავენ სამეცნიერო კანონებს და მარეგულირებლის მოთხოვნებს, კანონებისა და რეგულაციების თანახმად იკვლევენ და ამუშავებენ ვაქცინებს და ახორციელებენ კლინიკურ კვლევებს, საერთაშორისო სტანდარტების, შესაბამისი კანონებისა და რეგულაციების მკაცრი დაცვით ახორციელებენ საერთაშორისო თანამშრომლობას.

მიმდინარე წლის ოქტომბერში ჩინეთმა ხელი მოაწერა შეთანხმებას ვაქცინების და იმუნიზაციის გლობალურ ალიანსთან, რითაც “კოვიდ-19-ის  ვაქცინების განხორციელების გეგმას” (COVAX) ოფიციალურად შეუერთდა. ამ მნიშვნელოვანი ღონისძიებით, ჩინეთი მხარს უჭერს “საერთო ჯანდაცვის მქონე თანამეგობრობის” კონცეფციას  და საკუთარ თავზე დაკისრებული ვაქცინების, როგორც გლობალური საზოგადოებრივი პროდუქტის პოპულარიზაციის ვალდებულება – სისრულეში მოჰყავს.

ჩინეთი მთელი სერიოზულობით პირობას დებს, რომ მას შემდეგ, რაც ჩინეთში ვაქცინების კვლევა და შემუშავება დასრულდება და ვაქცინა გამოსაყენებლად მზად იქნება, იგი, როგორც გლობალური საზოგადოებრივი პროდუქტი, პირველ რიგში განვითარებად ქვეყნებს მიეწოდება. „კოვაქსში“ ჩინეთის მონაწილეობა ვაქცინების სამართლიანი განაწილების პრაქტიკული ქმედებებით ხელშეწყობას და განვითარებადი ქვეყნებისთვის ვაქცინის მიწოდების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად. ამავდროულად, ეს სტიმულს აძლევს შესაბამისი შესაძლებლობების მქონე ქვეყნებს ჩაერთონ და მხარი დაუჭირონ “კოვაქსს”. ჩინეთი გააგრძელებს „კოვაქსში“ მონაწილე მხარეებთან მუშაობას და ეპიდემიის წინააღმდეგ გლობალურ ბრძოლასა და ხალხის სიცოცხლის, უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვაში საკუთარ წვლილს შეიტანს.

მედიაცენტრი მთავარი:“ წლის მიწურულს, როგორ შეაფასებდით ჩინურქართულ ურთიერთობებს ამ წელს და რას მოელით მომავალ წელს ორმხრივი ურთიერთობებიდან და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობიდან?

ლი იენი: ჩინურ-ქართული ურთიერთობებისთვის ეს უჩვეულო წელი იყო. კოვიდ-19-ის გლობალურმა პანდემიამ ორ ქვეყანას შორის მიმოსვლასა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. თუმცა, ჩვენ მჭიდრო კომუნიკაციასა და აქტიურ კოორდინაციას ვინარჩუნებთ. პირველ რიგში ეპიდემიის წინააღმდეგ თანამშრომლობით, ორმხრივი ურთიერთობების სტაბილურად და ჯანსაღად განვითარების ტენდენციის შენარჩუნებას ვუწყობთ ხელს. წელს, ეპიდემიისა და სავაჭრო პროტექციონიზმის მიუხედავად, ჩინეთ-საქართველოს შორის ორმხრივი ვაჭრობა წარმატებით ხორციელდებოდა და კლების საერთო ტენდენციის მიუხედავად, გაიზარდა კიდეც. ამ წლის იანვარ-ნოემბერში ორმხრივმა სავაჭრო მოცულობამ 1.092 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, უკვე ზედიზედ მესამე წელია, რაც ეს მაჩვენებელი 1 მილიარდიან ნიშნულს აჭარბებს. გარდა იმისა, რომ ჩინეთმა საქართველოს სიდიდით მესამე სავაჭრო პარტნიორის პოზიცია შეინარჩუნა, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო დეფიციტი კიდევ უფრო შემცირდა და იგი საქართველოს ნომერ პირველი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანაც გახდა. ჩინური კომპანიები საქართველოში ისევ აქტიურად ახორციელებენ სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურულ პროექტებს. “სარტყელისა და გზის” ფარგლებში ორმხრივი თანამშრომლობის კარგ ტენდენციას ვინარჩუნებთ. ეპიდემიის პერიოდში, საქართველოს კონფუცის ინსტიტუტი სწავლებას ონლაინ ფორმატში აგრძელებს.

 მედიასა და სხვა სფეროებში გაცვლა და თანამშრომლობა გრძელდება. ადგილობრივ დონეზე თანამშრომლობაც უწყვეტად ვითარდება. ჩინეთი ორმხრივი ურთიერთობების განვითარებით და სხვადასხვა სფეროში მიღწეული თანამშრომლობის წლევანდელი შედეგებით კმაყოფილია.

მოხარულები ვართ, რომ საქართველოს მთავრობის მიერ ეპიდემიის პრევენციისა და კონტროლისათვის გატარებული ღონისძიებები დადებით შედეგებს იძლევა. მთელი გულით ვუსურვებთ საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხს ეპიდემიის მალე დამარცხებას. დამდეგ 2021 წელს ჩინეთი მზად არის ქართულ მხარესთან განაგრძოს მუშაობა პოლიტიკური კავშირებისა და კოორდინაციის გასამტკიცებლად, სხვადასხვა სფეროში საქმიანი თანამშრომლობის გასაღრმავებლად, თანამშრომლობის პოტენციალის უკეთ ასათვისებლად, თანამშრომლობის სფეროების გასაფართოებლად, ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარებისა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის საქმეში ახალი შედეგების მისაღწევად, რათა ორი ქვეყნის მოსახლეობამ მეტი სარგებელი ნახოს.

ესაუბრა ეკა გულუა

მსგავსი თემები