ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე ბელგიურ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდა

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე ხელშეკრულება ბელგიურ კომპანია Jan De Nul-თან (იან დე ნული) გააფორმეს.

დოკუმენტს ხელი მოაწერა ,,ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის” დირექტორმა ზურაბ სიჭინავამ, ხოლო კონსორციუმის მხრიდან Jan De Nul NV-ის საქართველოს ფილიალის დირექტორმა ტიმ დევოლდერმა. სიჭინავას თქმით, კომპანია ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოებს უახლოეს პერიოდში დაიწყებს. ზუსტ თარიღს სამინისტრო არ აკონკრეტებს.

„იან დე ნული“ ჯგუფი 1938 წელს დაფუძნდა, მისი ბრუნვა 2,5 მლრდ ევროა და დასაქმებული ჰყავს 7000-ზე მეტი ადამიანი. „იან დე ნული“ ჯგუფის საქმიანობა ხუთ ძირითად მიმართულებას მოიცავს: ოფშორული ელექტროსადგურების მოწყობა, ზღვის ფსკერის დაღრმავება და საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა – მათ შორის ნავსადგურების მშენებლობა, სამოქალაქო მშენებლობა და გარემოსდაცვითი პროექტების განვითარება. კომპანიის ოპერირების გეოგრაფიული არეალებია: ევროპა, სპარსეთის ყურე, აზია, აფრიკა, ამერიკა, და სხვ”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

მსგავსი თემები