„ჯონ ბასთან გულწრფელი და საინტერესო საუბარი გვქონდა“ – დარჩიაშვილი

„ჯონ ბასთან ძალიან გულწრფელი და საინტერესო საუბარი გვქონდა, ვისაუბრეთ ყველაფერზე და გამოვთქვამ იმედს, რომ საქართველო და აშშ ძალიან მალე გადადგამენ კონკრეტულ ნაბიჯებს, რათა ურთიერთობები დაუბრუნდეს ჩვეულ რეჟიმს, რომელიც ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, საქართველო მოტივირებულია, რომ აქტიურად იმუშაოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან და გააძლიეროს ორმხრივი ურთიერთობები.

„მე დღეს მქონდა შესაძლებლობა, ვაშინგტონში, სახელმწიფო დეპარტამენტში სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან, ბატონ ბასთან მქონოდა შეხვედრა. მასთან ვისაუბრეთ არსებულ გამოწვევებზე, რეგიონულ, ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე. ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო, გულწრფელი საუბარი გამოგვივიდა. ვისაუბრეთ ყველაფერზე და მე გამოვთქვამ იმედს, რომ საქართველო და ამერიკის შეერთებული შტატები ძალიან მალე გადადგამენ კონკრეტულ ნაბიჯებს, რათა ურთიერთობები დაუბრუნდეს ჩვეულ რეჟიმს, რომელიც ემსახურება ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას, უსაფრთხოების გაძლიერებას. ვფიქრობ, რომ ეს ორმხრივი შეხვედრა, რომელიც დღეს სახელმწიფო დეპარტამენტში გაიმართა, აუცილებლად მოიტანს თავის კონკრეტულ შედეგებს.

ჩვენ მოტივირებული ვართ, რათა ძალიან აქტიურად ვიმუშაოთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომელიც არის ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, რათა ერთი მხრივ, გავაძლიეროთ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები და მეორე მხრივ, ერთად ვიმუშაოთ საერთო გლობალური გამოწვევების დასაძლევად“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა.

მსგავსი თემები