„გლოვო“ კურიერის დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს

„გლოვო“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს რამდენიმე დღის წინ მომხდარი ინციდენტის გამო, რომელიც ჩვენს პარტნიორ კურიერს უკავშირდება, გვსურს, გულითადი მხარდაჭერა გამოვუცხადოთ კურიერის ოჯახს და ახლობლებს, ხოლო კურიერს სწრაფი გამოჯანმრთელება ვუსურვოთ”, – ნათქვამია კომპანიის გავრცელებულ განცხადებაში.

მათი თქმით, პარტნიორი კურიერების უსაფრთხოება და კეთილდღეობა კომპანიისთვის უმნიშვნელოვანესია.

„ინციდენტის შეტყობინების წუთიდან ჩვენ ვინარჩუნებდით მჭიდრო კავშირს კურიერის ოჯახთან, უზრუნველვყავით ყოვლისმომცველი მხარდაჭერა და დამატებითი მითითებები შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით. „გლოვო“ ღიაა სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობისთვის, ამასთან ერთად, ჩვენი გუნდი, თავის მხრივ, საფუძვლიანად იკვლევს ინციდენტის გარემოებებს. ვრჩებით მჭიდრო და მუდმივ კავშირზე კურიერთან და მის ოჯახთან და ვიღებთ გადაწყვეტილებას, ფინანსური დახმარება გავუწიოთ მათ ჩვენი სადაზღვევო პროვაიდერის დახმარებით და საკუთრივ „გლოვოს“ მხრიდან“, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურამ თბილისში „გლოვოს“ კურიერის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვის და ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 6 ივლისს თბილისში, ნუცუბიძის მე-4 მიკრორაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე ბრალდებულს, თანმხლებ ორ პირთან ერთად, საკურიერო მომსახურებასთან დაკავშირებით შელაპარაკება მოუხდა დაზარალებულთან, რა დროსაც ფიზიკურად გაუსწორდა მას და ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით დაზიანებები მიაყენა.

მას ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი თემები