“არასდროს შევხვედრივარ პატრიარქს, ჩემთვის ძალიან ბედნიერი დღეა“- მამარდაშვილი

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია II-მ დუშეთის რაიონის სოფელ წითელსოფელში მდებარე რეზიდენციაში საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები მიიღო.

შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა ნაკრების მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა და აღნიშნა, რომ არასდროს შეხვედრია პატრიარქს და ეს მისთვის ბედნიერი დღეა.

“პირადად ჩემთვის ძალიან ბედნიერი დღეა, რადგან არასდროს შევხვედრივარ პატრიარქს, ძალიან მინდოდა და ბედნიერი ვარ დღეს. ორმაგად მაძლევს მოტივაციას და ენერგიას ეს ხალხი, ვინც გარეთ გამოვიდა და ვინც გერმანიაში ჩამოვიდა – ძალიან ბედნიერები ვართ, რადგან ამდენი ხალხი დაგვიდგა გვერდში და გამოჩნდა ფეხბურთის ძალა,” – განაცხადა გიორგი მამარდაშვილმა.

ეროვნული ნაკრების მეკარემ კომენტარი იმ ჯილდოზეც გააკეთა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა და ფონდმა “ქართუმ”, ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში გასვლის შემდეგ, ეროვნულ ნაკრებს გადასცა.

“კარგი იქნება, თუ კიდევ ბევრი კომპანია გამოჩნდება და ფეხბურთში ჩადებს თანხას, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია. გამოჩნდა, რამდენს ნიშნავს ფეხბურთი ხალხისთვის და ძალიან მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი. მადლობელი ვარ, როგორც მე, ისე მთელი ნაკრები. ჩვენ ფეხბურთელები ვართ და რა თქმა უნდა, ფეხბურთის განვითარებაში წავა ეს ყველაფერი,” – განაცხადა მამარდაშვილმა.

მსგავსი თემები