,,საპრეზიდენტო იმუნიტეტთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებამ სიტუაცია ძირეულად შეცვალა” – ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება გააკრიტიკა.

„ამერიკაში მეფეები არ არიან. თითოეული ჩვენგანი თანასწორია კანონის წინაშე. არავინ, არავინ დგას კანონზე მაღლა, არც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებამ საპრეზიდენტო იმუნიტეტთან დაკავშირებით სიტუაცია ძირეულად შეცვალა. პრაქტიკული თვალსაზრისით, პრეზიდენტის უფლებამოსილებას არ აქვს შეზღუდვა. ეს ფუნდამენტურად ახალი პრინციპი და საშიში პრეცედენტია, რადგან ოფისის ძალაუფლება აღარ იქნება შეზღუდული კანონით, მათ შორის, არც აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მიერ“, – თქვა ბაიდენმა თეთრ სახლში.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის უზენაესმა სასამართლომ ყოფილ პრეზიდენტს ოფიციალურ ქმედებებზე სისხლის სამართლებრივი დევნისგან აბსოლუტური იმუნიტეტი მიანიჭა. აბსოლუტური იმუნიტეტი ვრცელდება ყველა იმ ოფიციალურ ქმედებაზე, რომელიც მათ პრეზიდენტის პოსტზე ყოფნის დროს განახორციელეს. თუმცა იმუნიტეტი არ ვრცელდება არაოფიციალურ, პირადი ხასიათის ქმედებებზე, ხოლო ქვედა ინსტანციის სასამართლოებს მოუწევთ, თავად გამიჯნონ პრეზიდენტის ოფიციალური და არაოფიციალური ქმედებები.

მსგავსი თემები