საგარეჯოში ჯგუფური ძალადობის  ფაქტზე, ორ ადამიანს ბრალდება წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მომხდარი დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის და ჯგუფური ძალადობის  ფაქტებზე, ორ ადამიანს ბრალდება წარუდგინა. შსს-ს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 25 ივნისს, ბრალდებულებმა ფ.ქ.-მ და ე.ქ.-მ დაზარალებული საგარეჯოს რაიონის სოფელ ქეშალოში ერთ-ერთი ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ეზოში შეიტყუეს, რის შემდგომაც გაკოჭეს და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. აღნიშნული ფაქტი ბრალდებულებმა მობილური ტელეფონით გადაიღეს და მოგვიანებით, ვიდეოჩანაწერი ინტერნეტსივრცეში განათავსეს, რომელსაც დაზარალებულისთვის შეურაცხმყოფელი ტექსტი მიაწერეს. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

„სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული 28 ივნისს დააკავეს.  ფ.ქ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ), 1443 მუხლის პირველი ნაწილით (დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა) და 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ჯგუფური ძალადობა) , ხოლო ე.ქ.-ს – სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“- ნათქვამია განცხადებაში.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდათ.

 

მსგავსი თემები