25 წლის მამუკა ლომიძის მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესები გრძელდება – ოჯახი მიმალვაში მყოფი პირის დაკავებას ითხოვს

მთაწმინდაზე მოკლული მამუკა ლომიძის საქმეზე სასამართლო პროცესები გრძელდება. მოკლულის ოჯახი ბრალდებულებისთვის სამუდამო პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. მათი თქმით, დაკავებული ჯერ ისევ არაა საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი, რომელთან ერთადაც ბრალდებული გადაადგილდებოდა.

გამოძიების ინფორმაციით, 25 წლის ახალგაზრდას ბაჩო სირაძემ 7-ჯერ ესროლა ხელნაკეთი იარაღიდან. მოტივი ამ დრომდე უცნობია, ბრალდებული დუმილის უფლებით სარგებლობს, მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ მისი ადვოკატებიც.

,,ვერ გავიგე, ამდენი ხანია დავდივარ პროცესებზე და ვერ გავიგე ჩემი შვილი რატომ მოკლეს, მიზეზს ვერ ვიგებ, უკვე მერამდენე პროცესია. ვითხოვ რომ სამუდამო, სამუდამო, არ მოვისვენებ, არ ვაპატიებ არც შადურს, არც მაგას, შადური სადამდე დაიმალება, რით ვერ იპოვეს ეს ბიჭი. გუშინ სოციალურ ქსელში დამხვდა კიდევ ვითომ მუქარა რა, რომ შენი ადგილი აქ არ არის, შე არაქალო, ვითომ მაშინებენ, ვერავის ვერ შეაშინებენ, ჩემ უკან ძალიან ბევრი დგას, მაგათ ეტყობა ვგონივარ უპატრონო, მაგრამ არ ვარ ნამდვილად, არ შევარჩენ, ჩემი შვილის მკვლელობას არ შევარჩენ”, – ამბობს მოკლულის დედა, ირინა შენგელია.

ცნობისთვის, მკვლელობა თბილისში 18 თებერვალს, ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე მოხდა. 25 წლის ახალგაზრდა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით მოკლეს. დანაშაულს კი წინ ერთ-ერთ კლუბში დაწყებული ჩხუბი უძღოდა. დაკავებულია ორი პირი – მკვლელობაში ბრალდებული ბაჩო სირაძე და გრიგოლ ზარნაძე, რომელსაც ბრალად ედება გამოძიებისთვის ცრუ ჩვენების მიცემა.

მსგავსი თემები