,,2030 წლისთვის საქართველო კანდიდატ ქვეყნებს შორის ყველაზე მეტად იქნება მზად იმისთვის, რომ გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი ქვეყანა” – პრემიერი

,,ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორედ საანგარიშო პერიოდში საქართველომ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, მინდა ყველას კიდევ ერთხელ მოგილოცოთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებაში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, უმთავრეს საგარეო-პოლიტიკურ პრიორიტეტად რჩება ევროკავშირში ინტეგრაცია.

„პირველი ოფიციალური ვიზიტი პრემიერ-მინისტრის რანგში განვახორციელე სწორედ ბრიუსელში, სადაც დავესწარი ასოცირების საბჭოს სხდომას.

რა თქმა უნდა, გაგრძელდება ასოცირების დღის წესრიგით და 9 პრიორიტეტით გათვალისწინებული პირობების შესრულება. 2030 წლისთვის საქართველო კანდიდატ ქვეყნებს შორის ყველაზე მეტად იქნება მზად იმისთვის, რომ გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი ქვეყანა. რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ აქტიურ თანამშრომლობას ნატო-სთან. ამ შემთხვევაშიც, პრემიერ-მინისტრის რანგში ჩემი პირველი საგარეო ვიზიტის ფარგლებში მქონდა შეხვედრები ნატოს ხელმძღვანელობასთან და მონაწილეობა მივიღე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში. სხვადასხვა მიმართულებით გვაქვს ძალიან პროდუქტიული თანამშრომლობა, მათ შორის სამხედრო სფეროში, თავდაცვის სფეროში და ამ თანამშრომლობის გაღრმავება დარჩება ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად“, – აღნიშნა პრემიერმა.

მსგავსი თემები