,,პოლიციას იყენებენ კრიმინალური საქმეებისთვის და პოლიცია იყენებს კრიმინალებს ამ საქმეების შესასრულებლად” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე, ,,ვივა მედიდან” ჩართვისას ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენურ ვითარებაზე ისაუბრა. მიხეილ სააკაშვილმა ბოლო დროს, პოლიტიკოსებსა და სამოქალაქო აქტივისტებზე მომხდარი თავდასხმები ახსენა და განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ყველა დამნაშავე ცნობილია, არავინაა პასუხისგებაში მიცემული.

,,ყველა თავდამსხმელი არის ცნობილი და არავინ არ არის პასუხისგებაში მიცემული, უფრო მეტიც, სრული არეულობა დაიწყო ქვეყანაში. 1-2 კვირის წინ, ვივა მედთან ხიდზე იპოვეს სასიკვდილოდ დაჭრილი ადამიანი იმიტომ, რომ სამარშრუტო ხაზი ვერ გაიყვეს კრიმინალებმა, მანამდე ორი ადამიანი მოკლეს ბანდიტურ გარჩევებში. საქართველოში დასაბრუნებელია წესრიგი, ადამიანის უფლებებსა და კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული. პოლიციამ მიუშვა კრიმინალი საკუთარ მოქალაქეებზე, პოლიციას აღარ აქვს ავტორიტეტი, პოლიციას იყენებენ კრიმინალური საქმეებისთვის და პოლიცია იყენებს კრიმინალებს ამ საქმეების შესასრულებლად. შესაბამისად, ეს კრიმინალური  სინდიკატი უნდა დაიშალოს იმიტომ, რომ შეუძლებელია ქვეყანა იმართოს ასე მაფიოზურად” აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის მორიგი პროცესი იმართება. დღეს ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ.

მსგავსი თემები