,,კრემლს არ ეშინია 2000-იანი წლების ვითარებაში დაბრუნების” – პესკოვი დაღესტანზე

,,კრემლს არ ეშინია 2000-იანი წლების ვითარებაში დაბრუნების”, – აცხადებს პუტინის პრესსპიკერი დაღესტანში განვითარებული მოვლენების შეფასებისას. კითხვაზე, დერბენტსა და მაჰაჩყალაში მომხდარი თავდასხმების შემდეგ, ეშინია თუ არა კრემლს იმ სიტუაციის განმეორების, რაც ქვეყანაში 2000-იანი წლების დასაწყისში იყო? პესკოვი პასუხობს, რომ ,,არა”:

„არა, ახლა რუსეთი განსხვავებულია, საზოგადოება აბსოლუტურად კონსოლიდირებულია და ისეთ კრიმინალურ ტერორისტულ გამოვლინებებს, როგორიც გუშინ დაღესტანში ვნახეთ, საზოგადოება არ უჭერს მხარს არც რუსეთში და არც დაღესტანში“, – თქვა პესკოვმა

შეგახსენებთ, რომ დაღესტნის ორ ქალაქში მაჰაჩყალასა და დერბენტში გუშინ, 23 ივნისს შეიარაღებული თავდასხმები მოხდა. შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ ორ მართლმადიდებლურ ეკლესიას, სინაგოგასა და საგზაო პოლიციის განყოფილებას. სინაგოგას ცეცხლი წაუკიდეს, ხოლო მოკლეს მართლმადიდებლური ეკლესიის მღვდელი.

ორმხრივი სროლის შედეგად მოკლულია 15 პოლიციელი და ერთი სამოქალაქო პირი, ლიკვიდირებულია 5 თავდამსხმელიც.

თავდამსხმელებს შორის არიან დაღესტნის სერგოკალინსკის რაიონის უფროსის, მაგომედ ომაროვის ორი ვაჟი – ადილ და ოსმან ომაროვები, რომლებიც ასევე ლიკვიდირებული არიან. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლიკვიდირებულ თავდამსხმელებს შორის შესაძლოა MMA-ს ყოფილი მებრძოლი გაჯიმურად კაგიროვიც იყოს.

მომხდარზე გამოძიება ტერორიზმის მუხლით დაიწყო. დაღესტანში 24-25 და 26 ივნისი გლოვის დღეებად გამოცხადდა.

მსგავსი თემები