დაზიანებულ მილსადენამდე ჩავედით – GWP

GWP-ს ცნობით, მაგისტრალურ მილსადენზე არსებული დაზიანების აღმოსაფხვრელად საჭირო სამუშაოები გეგმის მიხედვით გრძელდება და პრობლემა 5 დღეში სრულად აღმოიფხვრება. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, ინჟინრები უკვე ჩავიდნენ დაზიანებულ მილსადენამდე, პარალელურად გრძელდება ჩამოწოლილი გრუნტის მასის მოცილება.

,,ამ წუთის მდგომარეობით, მილსადენამდე დასული ვართ, რაც იმას ნიშნავს, რომ ხდება მილის გათავისუფლება ზედმეტი გრუნტის ნაყარისგან. მოხდება დაზიანებული მონაკვეთის ჩაჭრა. ჩვენ ასევე დაგეგმილი გვაქვს დაზიანებული მონაკვეთის, როგორც მარჯვენა, ასევე მარცხენა მხარეს მილსადენის დათვალიერება შიგნიდან და სპეციალური აღჭურვილობით სკანერის გაკეთება, რათა დადგინდეს ცალკეულ ნაკერში მილსადენს ხომ არ აქვს რაიმე პრობლემა”, – ამბობს კომპანიის წარმომადგენელი.

ცნობისთვის, წყლის მაგისტრალური მილის დაზიანების საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. როგორც კომპანიის წარმომადგენელი აცხადებს, თანამშრომლობენ გამოძიებასთან და მოთხოვნილ ინფორმაციას უზიარებენ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის ნაწილი უკვე 5 დღეა უწყლოდაა. მოქმედებს გრაფიკი, რომლითაც რამდენიმე უბანს წყალი მხოლოდ სამი საათით მიეწოდება. ზოგიერთ რაიონში კი წყალს სპეციალური რეზერვუარებით არიგებენ. წყალი შეწყვეტილია მცხეთასა და მიმდებარე სოფლებშიც.

წყალმომარაგების კრიზისი სოფელ წიწამურთან, არაგვის ხეობაში მომხდარი ავარიის გამო შეიქმნა. სამშენებლო ნარჩენებისგან შექმნილი ხელოვნური ფერდი დაიძრა, რამაც მილსადენი დააზიანა.

მსგავსი თემები