,,წელს სამართალდამცავები უფრო მეტად იყენებდნენ ფიზიკურ ძალას დაკავებულების საწინააღმდეგოდ, ვიდრე გასულ წელს” – იოსელიანმა წლიური ანგარიში წარადგინა

სახალხო დამცველმა პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე წლიური ანგარიში წარადგინა. ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომ გასულ წელს მოქალაქეების უფლებები არაერთხელ დაირღვა, მათ შორის აქციებზე, როცა სამართალდამცავებმა არალეგიტიმური და არაპროპორციული ძალა გამოიყენეს. მან ისაუბრა გამჭვირვალობის შესახებ კანონზეც და თქვა, რომ აპარატმა არაერთხელ დააფიქსირა პოზიცია, რომ ამ ფრომით კანონი ძალაში არ უნდა შესულიყო.

,,2023 წელი სხვადასხვა მასშტაბის, შინაარსისა და ფორმის მრავალი შეკრებით გამოირჩეოდა, ამ წელსაც იყო შეკრების დაშლის მიზნით განხორციელებული არაპროპორციული და ზოგ შემთხვევაში არალეგიტიმური ღონისძიებების გატარების შემთხვევები. კვლავ გამოიყენებოდა შეკრების მონაწილეების ადმინისტრაციული დაკავების პრაქტიკა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სამწუხაროდ, 2024 წელს, 2023 წელთან განსხვავებით, ჩემ მიერ მონახულებული ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების უმრავლესობას ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებოდა, რაც მოწმობს, რომ 2024 წელს სამართალდამცავები უფრო მეტად იყენებდნენ ფიზიკურ ძალას დაკავებულების საწინააღმდეგოდ, ვიდრე ეს გასულ წელს ხდებოდა.

2024 საქართველოს პარლამენტმა მიიღო უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ საქართველოს კანონი, რომლის არაერთი ჩანაწერი პრობლემურია და კანონის ადრესატებისთვის ღირსების შემლახველი შეიძლება გახდეს. სახალხო დამცველი 2024 წელს, ისევე როგორ 2023 წელს მოუწოდებდა პარლამენტს უარი ეთქვა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის ასეთი ფორმით მიღებაზე, რამდენადაც კანონით გათვალისწინებული ლეგიტიმური მიზნის მიღწევა შესაძლებელი იყო სხვადასხვა საკანონმდებლო აქტებში ცვლილებების შეტანის გზით”, – თქვა იოსელიანმა.

მსგავსი თემები