“მიზანმიმართულად ცდილობენ დააზიანონ საარჩევნო პროცესი”- ცესკო

ცენტრალური საარჩევნო კომისია ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში ელექტრონულ არჩევნებსა და საარჩევნო ადმინისტრაციის შესახებ გასული სიუჟეტის შესახებ განცხადებას ავრცელებს. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მიზანმიმართულად ცდილობენ საარჩევნო ადმინისტრაციის იმიჯი და საარჩევნო პროცესი დააზიანონ.

„მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებულ ყველა ინფორმაციას დეტალურად, აქტიურად და ამომწურავად ავრცელებს და აცნობს ყველა ჩართულ მხარეს და საქმიანობებს მაქსიმალური გამჭვირვალობით ახორციელებს, დაინტერესებული პირები მიზანმიმართულად ცდილობენ დააზიანონ საარჩევნო ადმინისტრაციის იმიჯი და ზოგადად საარჩევნო პროცესი“- ნათქვამია განცხადებაში.

ცესკო-ში ამბობენ, რომ ერთ-ერთ სატელევიზიო სიუჟეტში გასული რეპორტაჟი, შესაძლოა კომისიის დისკრედიტაციას ემსახურებოდეს.

„ცესკო არის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი კოლეგიური ორგანო და ყოველგვარ საფუძველს მოკლებული განცხადებები თუ შეფასებები პოლიტიკურ გაერთიანებებთან აფილირების შესახებ, რომელიც სიუჟეტში არაერთხელ გაკეთდა, ერთადერთ მიზანს შესაძლოა ემსახურებოდეს – კომისიის დისკრედიტაციას. ზემოხსენებულ სიუჟეტში როგორც ჟურნალისტის, ასევე ცესკოს ზოგიერთი იმ წევრის მხრიდან, რომლებიც პოლიტიკური პარტიების მიერ არის დანიშნული, გაკეთდა დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო განცხადებები, თითქოს ცესკო იცავს ხელისუფლების ინტერესებს, საუბნო საარჩევნო კომისიებს აკომპლექტებს სხვა ინსტიტუცია და არა ცესკო და ა.შ.“- აღნიშნულია განცხადებაში.

მსგავსი თემები