ევროკავშირის ლიდერები არაფორმალურ შეხვედრას გამართავენ

ევროკავშირის ლიდერები დღეს არაფორმალურ შეხვედრაზე ბლოკის უმაღლეს თანამდებობებზე კანდიდატების დამტკიცების საკითხს განიხილავენ, ინფორმაციას Euractiv-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი თანამდებობას, სავარაუდოდ, მეორე ვადით დაიკავებს მას შემდეგ, რაც მისმა მემარჯვენე-ცენტრისტულმა „ევროპის სახალხო პარტიამ“ ევროპარლამენტს არჩევნებში გაიმარჯვა.

ამასთან, ევროპული საბჭოს მომავალი ხელმძღვანელის პოსტზე კანდიდატებს შორის არის პორტუგალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ანტონიო კოსტა. საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელს, სავარაუდოდ, ესტონეთის პრემიერ-მინისტრი, კაია კალასი ჩაანაცვლებს, ევროპარლამენტის პრეზიდენტის პოსტს კი მოქმედი პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა შეინარჩუნებს.

ევროკავშირის ლიდერები, დღეს, სავარაუდოდ, პოლიტიკურ შეთანხმებას მიაღწევენ, 27-28 ივნისს კი ეს შეთანხმება ევროკავშირის სამიტზე ოფიციალურად დადასტურდება.

მსგავსი თემები