,,უნგრეთი დათანხმდა, ვეტო არ დაადოს უკრაინისთვის ალიანსის დახმარებას” – სტოლტენბერგი

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა უნგრეთის პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ბუდაპეშტი დათანხმდა არ დაბლოკოს ალიანსის სამხედრო დახმარება უკრაინაში, თუმცა თავად არ მიიღებს მასში მონაწილეობას.

სტოლტენბერგი ბუდაპეშტში ნატოს სამიტის წინ ჩავიდა, სადაც განიხილება ბლოკის გადაწყვეტილება, უფრო აქტიურად დაეხმაროს უკრაინას.

,,პრემიერმა ორბანმა ნათლად განაცხადა, რომ უნგრეთი არ მიიღებს მონაწილეობას ნატოს ამ ძალისხმევაში და მე ვეთანხმები ამ პოზიციას. პრემიერმა დამარწმუნა, რომ უნგრეთი არ დაუპირისპირდება ამ ძალისხმევას, რაც სხვა მოკავშირეებს საშუალებას მისცემს წინ წავიდნენ, და მან დაადასტურა, რომ უნგრეთი გააგრძელებს ნატოს ვალდებულებების სრულად შესრულებას”, – თქვა სტოლტენბერგმა.

ორბანის თქმით, მიიღო გარანტია, რომ როდესაც საქმე ეხება რუსეთ-უკრაინის ომს, როდესაც საქმე ეხება სამხედრო ოპერაციას ტერიტორიის გარეთ, ბუდაპეშტი არ მიიღებს მონაწილეობას ამაში.

,,უნგრეთი არ გამოყოფს სახსრებს ან პერსონალს ომისთვის. არც უნგრეთის ტერიტორია იქნება გამოყენებული ამ ომში რაიმე ჩართვისთვის”, – თქვა ორბანმა.

მსგავსი თემები