კლინიკაში რჩება გუშინ ბალდაში დაჭრილი მინდია ბჟალავა

პოლიციამ დააკავა ორი თავდამსხმელი, ძმები ხურცილავები, რომლებიც გუშინ ღამით, ბალდის კანიონის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს თავს დაესხნენ. იმ დროს, როცა ადგილობრივები საპროტესტო კარვის მიმართულებით მიდიოდნენ, ხურცილავებმა მათ ჩასაფრება მოუწყვეს, ცივი იარაღითა და სანადირო თოფით შეიარაღებულები გზაზე გადაუდგნენ და მანქანიდან გადმოსვლას აიძულებდნენ.

მინდია ბჟალავამ სცადა მათთვის სანადირო თოფის წართმევა, რა დროსაც რამდენჯერმე დაჭრეს. 33 წლის კაცი ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა.

გავრცელებლი ინფორმაციით, ძმები ხურცილავები ინვესტორი კომპანია “კანიონ- 350-ის” მფლობელ, მამუკა მერკვილაძესთან დაახლოებული პირები არიან.

,,ვიყავით დაახლოებით 20-25 ადამიანი, გუშინდელ მორიგეობაზე, ჩვენ პირდაპირ წამოვიდა ორი ადამიანი გინებით, ყველას აგინებდა, დანებს გვიქნევდა. რაოდენობით მეტნი ვიყავით, შევეცადეთ, მოვუწოდეთ დანა მოეშორებინათ, არ მოაშორეს, გავაფრთხილეთ ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, ვთხოვეთ, ისინი აგრესიულად ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას გვაყენებდნენ. გამოვართვით დანა, ყველას დავაყრევინეთ ქვევით, დავიჭირეთ ადგილზე, მერე მოვიდა პოლიცია”, – ამბობს არჩილ ბჟალავა.

 

მსგავსი თემები