,,ჩვენი კოლეგები სანქციებისთვის არ გვემეტებიან, მოვუწოდებთ, შეცვალონ საკუთარი ქცევა, ვიდრე გვიანი არ არის” – იაგო ხვიჩია

,,გვეცოდებიან კოლეგები, არ გვემეტებიან სანქციებისთვის, მოვუწოდებთ, შეცვალონ საკუთარი ქცევა, ვიდრე გვიანი არ არის”, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ სავიზო შეზღუდვებს გამოეხმაურა.

„ჩვენ სანქციებს ვუყურებთ ისე, რომ გვეცოდებიან კოლეგები, არ გვემეტებიან ამისთვის. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, შეცვალონ საკუთარი ქცევა, ვიდრე გვიანი არ არის. ზოგადად, სწორ გზაზე შემობრუნება არასდროს არის გვიანი. უბრალოდ, მეცოდებიან ეს ადამიანები, რომლებიც შარში გაეხვიენ და ოჯახის წევრებსაც შარში ხვევენ.

მოლოდინით შევყურებ შემოდგომას და არჩევნებს, იქიდან გამომდინარე, რომ არჩევნების შემდეგ ამ ვითარებას ჩვენ გამოვასწორებთ და რაღაცნაირად მოვუბოდიშებთ, რომ ასეთი უხერხულობა დაგვემართა ყველასთან და ყველაფერთან. მოლოდინი მაქვს, ამერიკელები სიტყვას შეასრულებენ, მიუხედავად იმისა, ვგულშემატკივრობ თუ არა ვინმეს დასანქცირებას. აქედან გამომდინარე, მოლოდინიც იმის შესაბამისი მაქვს, რაც ითქვა და რაც საჯაროდაც გაცხადებულია“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა საქართველოს ათობით მოქალაქის მიმართ სავიზო შეზღუდვების დაწესების შესახებ გამოაცხადა. მისივე თქმით, პირველი პაკეტი მოიცავს „ქართული ოცნების“ წევრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცველებსა და კერძო პირებს.

მსგავსი თემები