,,წინ ევროპისკენ” – სოსო ბაბაევი გაათავისუფლეს

,,წინ ევროპისკენ”, – ამ სიტყვებით დატოვა წინასწარი დაკავების იზოლატორი რამდენიმესაათიანი პატიმრობის შემდეგ იოსებ ბაბაევმა. გორელი აქტივისტი და ბიზნესმენი რამდენიმე წუთის წინ გაათავისუფლეს.

,,ბრძოლის ხასიათზე ვარ, ერთადერთი იარაღი რაც გვაქვს ჩვენ , თავში გვაქვს. ჩვენ სხვა იარაღი არ გვჭირდება. ამიტომ ბრძოლა გრძელდება გამარჯვებამდე.

მოსამართლემ დღეს საზოგადოებას დაანახა, რა არის ევროპული სტანდარტი. პირველ რიგში, იხელმძღვანელა, რა თქმა უნდა, საქართველოს კანონით და მერე იხელმძღვანელა პირადი ეჭვით, გონივრული ეჭვით. მან “სამართალდამცავებისგან” დაინახა, რომ იყო არაჰუმანური მოპყრობა, დაინახა, რომ იყო ძალადობა, დაინახა, რომ იყო დანაშაული, არ იყო ვიდეოჩანაწერი და ამიტომ გადაწყვიტა, რომ მე ვიყავი უდანაშაულო და არ მიიღო მტკიცებულება ეს დოკუმენტი”, – ამბობს ბაბაევი.

კითხვაზე, ელოდება თუ არა ხელმეორედ დაკავებას იქიდან გამომდინარე, რომ პროკურატურა დღევანდელი გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს, ბაბაევი ამბობს, რომ ყველაფრისთვის მზადაა:

,,რა თქმა უნდა, მე მზად ვარ ბრძოლისთვის. ეს ხაზს უსვამს იმას, რომ ვართ სწორ გზაზე და იმას, რომ რუსული მთავრობა აგრძელებს რუსულ ტერორს – იარაღის ჩადება, ნარკოტიკის ჩადება- ეს არის ყველაფერი რუსული, ეს გამოვიარეთ 90-იანებში და ამან არ უნდა შეგვაშინოს”, – აღნიშნა ბაბაევმა.

მსგავსი თემები