„ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის წინადადებაზე „ჰამასის“ პასუხს ველოდებით“ – ჯეიკ სალივანი

„ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის წინადადებაზე „ჰამასის“ პასუხს ველოდებით“, – ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა.

„კატარელი შუამავლების მეშვეობით ჩვენ „ჰამასის“ პასუხს ველოდებით“, – განაცხადა სალივანმა.

მან აღნიშნა, რომ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი, ბილ ბერნსი ცეცხლის შეწყვეტის ახალი წინადადების შესახებ დოჰაში, კატარელ შუამავლებთან კონსულტაციებს გაივლის.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ისრაელის ახალი წინადადება წარადგინა. გეგმის მიხედვით, პირველი ეტაპი ექვსი კვირის განმავლობაში გაგრძელდება და ღაზის სექტორის დასახლებული პუნქტებიდან ისრაელის ჯარების გაყვანას და ასევე, ასობით პალესტინელი პატიმრის სანაცვლოდ „ჰამასის“ მიერ მძევლების ნაწილის გათავისუფლებას ითვალისწინებს.

მეორე ეტაპი ყველა დარჩენილი ცოცხალი მძევლის გაცვლას, მათ შორის მამაკაცი ჯარისკაცების გათავისუფლებას მოიცავს. მესამე ეტაპის ფარგლებში ღაზის სექტორის რეკონსტრუქციის გეგმა დაიწყება და მძევლების ცხედრები მათ ოჯახებს გადაეცემა.

მსგავსი თემები