,,საქართველოსთვის კორეის რესპუბლიკა მნიშვნელოვანი სავაჭრო და ეკონომიკური პარტნიორია” – გენადი არველაძე

კორეის რესპუბლიკის დედაქალაქ სეულში, 29-31 მაისს, ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ მოლაპარაკების მეორე რაუნდი გაიმართა. მხარეებმა მოლაპარაკების შედეგები დადებითად შეაფასეს.

„იმედი გვაქვს, რომ მოლაპარაკების მომდევნო რაუნდი, რომელიც თბილისში გაიმართება, იქნება საბოლოო, რომლის შემდეგაც შესაძლებელი იქნება შეთანხმებაზე ხელმოწერა“, – ამის შესახებ საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ მოლაპარაკების დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოსთვის კორეის რესპუბლიკა მნიშვნელოვანი სავაჭრო და ეკონომიკური პარტნიორია რეგიონში და მასთან ურთიერთობის გაღრმავება დადებითად აისახება ორივე ქვეყნის ეკონომიკაზე. მისი თქმით, შეთანხმება არა მხოლოდ წაახალისებს ორმხრივ ვაჭრობას, არამედ ხელს შეუწყობს თანამშრომლობას ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებში, მათ შორის, ინვესტიციების კუთხითაც.

მისივე განმარტებით, კორეის რესპუბლიკა მაღალმსყიდველუნარიანი 50 მლნ-ზე მეტი მოსახლეობით პრიორიტეტული ბაზარია საქართველოსთვის, რომლის ეკონომიკური პოლიტიკის ქვაკუთხედსაც ბაზრების დივერსიფიცირება წარმოადგენს. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა კორეის რესპუბლიკაში ქართული ღვინის, მინერალური და უალკოჰოლო სასმელების, აგროსამრეწველო და მთელი რიგი სამრეწველო პროდუქციის ექსპორტის გაზრდის შესაძლებლობებზე.

„აღსანიშნავია, რომ საქართველოს მხრიდან მომლაპარაკებელთა ჯგუფს ხელმძღვანელობდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, კორეის რესპუბლიკის მხრიდან კი – ვაჭრობის, ინდუსტრიისა და ენერგეტიკის სამინისტროს სავაჭრო მოლაპარაკების დეპარტამენტის გენერალური დირექტორი ფეომინ რიუ. მოლაპარაკებებში ასევე მონაწილეობდნენ შემოსავლების სამსახურის, სურსათის ეროვნული სააგენტოს, საქპატენტის და სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები.

შეთანხმება მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა საქონლითა და მომსახურებით ვაჭრობა, წარმოშობის წესები, საბაჟო პროცედურები, სანიტარული და ფიტოსანიტარიული ზომები, ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერები და სხვა ეკონომიკური თანამშრომლობის სფეროები, როგორებიცაა ტრანსპორტი, ენერგეტიკა და ინვესტიციები“, – ნათქვამია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი თემები