,,საკუთარ თავს დაუწერეთ პოლიტიკური ნეკროლოგი, 28 მაისი თქვენი დაისი იქნება” – ხერხეულიძე ,,ოცნებას”

,,დღეს თქვენ თქვენი განაჩენით, საკუთარ თავს დაუწერეთ პოლიტიკური ნეკროლოგი. დარწმუნებული ვარ, ყველა მისცემთ ხმას და მე არ მაქვს ილუზია, რომ ვინმე თქვენგან გათავისუფლებული მონა და სპარტაკი აღმოჩნდება მაგრამ იცოდეთ, რომ 28 მაისი თქვენი დაისი იქნება და ამას შეეგუეთ”, – ამ სიტყვებით დაასრულა ენმ-ის დეპუტატმა, ეკა ხერხეულიძემ ოცნების წარმომადგენლებისთვის მიმართვა პარლამენტის პლენარულ სესიაზე.

მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებით, მათ ქვეყანას ჩამოაშორეს ყველა მეგობარი და პირისპირ დატოვეს მარტო, ყველაზე დიდ ომის პარტიასთან- რუსეთთან:

,,ხალხო, თქვენ ახლა რომ გჭირთ, ჩემ მტერს, ასეთი უბედურება და ისეთი ღრუბელი ადგას თქვენს რეპუტაციას. ეს არ არის ნორმალური და არც ერთ შემთხვევაში არ დარჩება საქართველოს ისტორიაში უკვალოდ. თქვენ გგონიათ, რომ ეს ხალხმრავლობა, რომელიც ქუჩაშია და რომელსაც ხალხის მღელვარებას ხედავთ, არის წარმავალი. ასე არ არის, საქართველოს ისტორია, თქვენი სურვილების მიხედვით არ იწერება და არ იმართება. თქვენ უყურებთ, რომ ერთი საკითხის ირგვლივ გაერთიანებული ხალხის მასშტაბური გამოსვლები კი არ არის, აქ არის უკვე ჩამოყალიბებული ეროვნული მოძრაობა და საყოველთაო გაფიცვას ეფუძნება თეატრებში, უმაღლეს სასწავლებლებში პროტესტი, პროფესორ-მსწავლებლებში, სტუდენტებში, მომღერლებში, სპორტსმენებში, ამას აღარ ჰქვია ერთი საკითხის ირგვლივ გაერთიანებული პროტესტი, ეს არის ეროვნული მოძრაობა…

თქვენ წახვედით ირანში და ჰეზბოლასა და ჰამასს ერთად დადექით სამეგობრო წრეში. ვის მკვდარს ტიროდით ირანში გამაგებინეთ, როდესაც სრულიად გაკოტრებულები ბრძანდებით პოლიტიკურ ასპარეზზე. საქართველოს ყველა მეგობარი წაართვით, ყველა პერსპექტივა მოუკალით და დატოვეთ რუსეთის პირისპირ”, – აღნიშნა ეკა ხერხეულიძემ სიტყვით გამოსვლისას.

მსგავსი თემები