,,არჩევანი თქვენზეა – ჩაყვებით ივანიშვილს პოლიტიკურ სამარეში თუ არა” – ბოკუჩავა უმრავლესობას

,,უკანასკნელად მინდა მოგმართოთ დღეს – დღევანდელი დღე არის ბოლო შესაძლებლობა თითოეული თქვენთაგანისთვის რომ ერთის მხრივ, თავი გადაირჩინოთ პერსონალური სანქციებისგან და მეორეს მხრივ, რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია- ქვეყნის ევროატლანტიკურ არჩევანს აარიდოთ უდიდეს დარტყმა”, – ასე მიმართა ფრაქცია ენმ-ს თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ პარლამენტის პლენარულ სხომაზე უმრავლესობის დეპუტატებს, რომლებცი დღეს გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად ემზადება.

ბოკუჩავამ კიდევ ერთხელ შეახსენა “ოცნებას”, რომ სწორედ მათზეა დამოკიდებული როგორ შევა ეს დღე და თითოეული მათგანი საქართველოს უახლეს ისტორიაში:

,,თითოეულ თქვენგანზეა დღეს დამოკიდებული, როგორც შევა დღევანდელი დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში – როგორც დღე, როდესაც კოლექტიური მონობით ივანიშვილის დეპუტაციამ გაყიდა ქვეყნის ევროპული პერსპექტივა, თუ დღე, როდესაც თუნდაც რამდენიმე ადამიანის პერსონალურმა და პოლიტიკურმა გამბედაობამ ქვეყანა გადაჩეხვას გადაარჩინა. თითოეულ თქვენგანს აქვს არჩევანი ქვეყნის ინტერესების დაცვასა და ვერშემდგარი დიქტატორის, ივანიშვილის მონურ მსახურებას შორის. თითოეულ თქვენგანს აქვს არჩევანი თავისუფლებასა და მონობას შორის. დღეს არის არჩევანი თქვენს წინაშე – რუსი ოლიგარქის რუსული კანონის დაცვა საქართველოს რუსეთთან პირისპირ დატოვების მიზნით, თუ საქართველოს ევროპული მომავლის გადარჩენა. ეს არის ის არჩევანი, რომლის წინაშეც თითოეული თქვენგანი დღეს დგას. შანსი აღარ მოგეცემათ, რომ არ ჩაიწეროთ ქვეყნის უახლეს ისტორიაში როგორც მოღალატეები. არ არსებობს იმაზე მძიმე განაჩენი, ვიდრე შენს ხალხს და ისტორიას გამოაქვს, ღალატის დამღით ივლით დარჩენილი ცხოვრება. საქართველო მაინც გაიმარჯვებს.

ივანიშვილის პოლიტიკური სამარე გათხრილია და თქვენ რომ შეგეძლოთ გამოსვლა და დადგომა გვერდით ახალგაზრდებთან, ამას საკუთარი თვალით დაინახავდით. ჩახედავდით ივანიშვილის პოლიტიკურ სამარეს თვალებში. არჩევანი თქვენზეა- ჩაყვებით ივანიშვილს პოლიტიკურ სამარეში, თუ არა”, – მიმართა ბოკუჩავამ ოცნებას, რასაც პაპუაშვილის რეპლიკა მოჰყვა: “ზედმეტად ნეკროფილური გამოსვლა იყო.”

მსგავსი თემები