,,დუმილი დაანგრევს ყველაფერს, რაც აქამდე გვიშენებია” – მუსიკოსები მიმართვას ავრცელებენ

ქართველი მუსიკოსები გამჭვირვალობის შესახებ კანონის წინააღმდეგ ერთობლივ მიმართვას ავრცელებენ. ვიდეოს ფესტივალი “Tbilisi Open Air” ავრცელებს და ამბობს, რომ ის სპონტანურადაა გადაღებული და მასში მხოლოდ ის არტისტები მონაწილეობენ, რომლებთან დაკავშირებაც მოკლე პერიოდში შეძლეს.

მუსიკოსები გმობენ ძალადობას, დაშინებას, რეპრესიებს რუსული კანონის მოწინააღმდეგეების მიმართ.

მიმართვას “Tbilisi Open Air-თან” ერთად უერთდებიან: “თამადა”, “ლუა”, დათო ლომიძე; ანუშკა ჩხეიძე; “არა”; “stia”; გიორგი გვარჯალაძე; “afternoon version”; “sophie villy”; “4d monster lobsters”; “LOUDspeakers”; ბაჩო ჯიქიძე; “killages”: “Psychonaut 4”; “mechanical rainbow”; “obri”. “OOGWAY/Soyl”; “chikovani”; “circus mircus”; “mao”; რეზო კიკნაძე.

ჯგუფ “არას” ვოკალისტი ზურა ჯავახია:

,,არა რუსულ კანონს ! ეს კანონი უკან გვხევს, ძალიან დიდი ხანია გვინდა, რომ გავხდეთ დიდი ევროპული ოჯახის ნაწილი, სწორედ ამ ევროპული ქვეყნებიდან რჩევებია, არ მივიღოთ ეს კანონი, არ გავიკაროთ, ვინაიდან ეს დაგვხევს უკან, დრო დასაკარგი არ გვაქვს, ისედაც ჩვენმა ქვეყანამ ძალიან დიდი დრო დაკარგა. მინდა ასევე სოლიდარობა გამოვუცხადო ყველა უდანაშაულო დაჭერილს, ვისაც სცემეს, ვინც ეხლაც საპატიმროშია, ჩვენ თქვენ გვერდით ვართ, ყველა ხმა, ყველა ნოტი, ყველაფერი იქნება იმისთვის, რომ ერთად ვიყოთ უფრო ძლიერები”.

“თამადა”:

,,ვერ წარმომიდგენია ვიზიარებდე ან მომწონდეს რაიმე სახის ინიციატივა ან კანონი, რომლის მიღებაც მთავრობას სჭირდება იმ სადამსჯელო პოლიტიკის გასატარებლად ადამიანების, უმრავლესი მოსახლეობის წინააღმდეგ, რაც ჩვენ დავინახეთ, აქედან გამომდინარე, მე არ მგონია ამდაგვარი კანონები ემსახურებოდეს ეროვნული ინტერესს, არამედ რამდენიმე ადამიანის ვიწრო ინტერესს ემსახურება, ამაში ვარ დარწმუნებული”.

არტისტი “ლუა” ამბობს, რომ დღეს დამოუკიდებლობის დაცვაა საჭირო – “მე მოვუწოდებ ყველა ადამიანს, ვისთვისაც თავისუფლება არის ღირებული, ვისაც სურს ჯანსაღ სახელმწიფოში იბრძოლოს, ვინც გმობს როგორც ფიზიკურ ისე ემოციურ ძალადობას, ერთობლივი ძალებით მოვიპოვოთ და დავიცვათ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი თავისუფლება”.

მსგავსი თემები